ირაკლი ქარსელაძე - ჟინვალიდან შატილამდე უკვე გვაქვს რეაბილიტირებული, ბევრად უფრო უსაფრთხო გზა

ახლა იმ პარკში ვიმყოფებით, რომლის რეაბილიტაციაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წარმატებით დაასრულა. ასევე, ჩვენს უკან არის ქუჩა, რომლის მიმდებარე შენობების რეაბილიტაციაც, პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარტია „ქართული ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატის მანანა ნარიმანიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აქვე სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში დაფინანსებულ პროექტზე და ამ ძალისხმევის შედეგად, “ჩვენ მივიღებთ დუშეთის სრულად განახლებულ ცენტრალურ უბანს”. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ამას შემდგომში მრავალი სხვა უბანიც მოყვება, მაგრამ ეს არის ის მნიშვნელოვანი წამოწყება, რომლითაც დუშეთი სულ უფრო პოპულარული გახდება ტურისტებისათვის.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დუშეთის პოტენციალზე და მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, დუშეთის მუნიციპალიტეტი ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, წელს, ფაქტობრივად ვასრულებთ ჟინვალი-ბარისახოს 51- კმ-იანი მონაკვეთის 18 კმ-ის რეაბილიტაციას, ხოლო ბარისახო-შატილის მონაკვეთზე შარშან დავასრულეთ გზის ნაწილის რეაბილიტაცია, ხოლო წელს სრულდება 17 ახალი ხიდის მშენებლობა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჟინვალიდან შატილამდე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული, ბევრად უფრო უსაფრთხო გზა", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრი ასევე შეეხეო წყალმოამარაგების საკითხს და ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის ბურღვის დღეს დაწყებულ სამუშაოებს.

„დღეს დაიწყო სპეციალურად დამზადებული საბურღი მანქანით 9 კმ-იანი სიგრძისა და 15 მეტრიანი დიამტრის უნიკალური გვირაბის ბურღვის სამუშაოები. მართალია ეს სამუსაოები კობში დაიწყო, თუმცა ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მისასვლელი გზა სწორედ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გადის. დაწყებული ქვეშეთით და დასრულებული წკერეთი. ეს ის 10 სოფლებია, რომლებსაც აღარცერთი დღით აღარ ჩაეკეტებათ გზა და მათ უკვე შეეძლებათ სრულიად თავისუფლად ნებისმიერ ამინდში მიიღონ სამედიცინო სერვისები, მედიკამენტები და მეტიც, ისინი ახლაც უკვე ძალიან ინტენსიურად არიან ჩართული ამ პროექტში პირდაპირი დასაქმების თვალსაზრისით. ასევე, 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციის მქონე პროექტს დიდი მობილიზაციას სჭირდება არაპირდაპირ დასაქმებული ადამიანებისა - საცხოვრებლით, საკვებით ა.შ. უზრუნველყოფა", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელთა შორისაა ე.წ. ნატახტრის შემოვლითი გზა, რომლის პროექტირება მალე დასრულდება და მომავალ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებაც შესაძლებელი გახდება.