დამსაქმებლებს ღამის სამუშაოზე მომუშავეთა პერიოდული სამედიცინო შემოწმება მოუწევთ - ვინ ჩაითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულად

მთავრობამ ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობა დაამტკიცა.

კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებით, დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა. წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული.

რაც შეეხება, უკვე შემდგომ პერიოდულ შემოწმებებს, დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უტარდება წელიწადში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ.

გარდა ამისა, დადგენილებაში განსაზღვრულია თუ ვინ ჩაითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად.

კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებით, ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი არის:

  • ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში, ჩვეულებრივ, მუშაობს არანაკლებ 3 საათს; ან
  • ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთ მეოთხედს მუშაობს ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში.
თაია არდოტელი