Amazon მუშახელის მისაზიდად თავის თანამშრომლებს კოლეჯში სწავლის ფულს გადაუხდის

Amazon აშშ-ში თავის 750 000 თანამშრომელს სწავლის ფულს გადაუხდის. BBC-ის შეფასებით, ონლაინ-შოპინგის გიგანტი ამით პერსონალს შენარჩუნებასა და მიზიდვას მთელი ძალისხმევით ცდილობს, რადგან დარგში მუშახელის მკვეთრი დეფიციტია.

კომპანია აღნიშნულ სქემაში 1,2 მლრდ დოლარს ჩადებს, რომლითაც მუშახელი წლიურ სასწავლო დაფინანსებას მანამდე მიიღებს, სანამ ისინი Amazon-ში იმუშავებენ. მანამდე ანალოგიური ნაბიჯი კომპანია Walmart-მა და Target-მა გადადგეს. Walmart-მა გასულ თვეს განაცხადა, რომ საათობრივი თანამშრომლებისთვის სწავლისა და წიგნების ხარჯებს დაფარავს, რაც, დაახლოებით, 1,5 მილიონ ადამიანს შეეხება. კომპანია Target აშშ-ს მაღაზიების 340 000-ზე მეტ თანამშრომელს უფასო ბაკალავრიატს სთავაზობს.

„კოლეჯში სწავლაზე შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით განათლების სფეროს ასობით ჩვენს პარტნიორზე გავრცელდება“, - წერია Amazon-ის განცხადებაში, თუმცა პარტნიორები დაკონკრეტებული არ არის. ამასთან, Amazon სასკოლო განათლებასა და ინგლისური კურსებს დააფინანსებს, პროფესიულ ტრენინგებს კი 300 000 ადამიანამდე გაზრდის.

„დღეს Amazon აშშ-ში სამუშაო ადგილების ყველაზე დიდი შემქმნელია. ჩვენი გუნდის უნარ-ჩვევების უფასო სწავლებაში ინვესტიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ასიათასობით ოჯახზე უდიდეს გავლენას მოახდენს,“ - აცხადებს Amazon-ის მსოფლიო მომხმარებლების განყოფილების ხელმძღვანელი, დეივ კლარკი.

BBC-ის შეფასებით, ამერიკული ფირმები დასაქმებულებს მთელ რიგ შეღავათებსა და სტიმულს სთავაზობენ, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ისინი სამუშაოზე დააბრუნონ და ადგილები შეინარჩუნონ. აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ივლისში ვაკანსიების რაოდენობამ ახალ რეკორდულ დონეს მიაღწია და 10,9 მილიონი ადგილი შეადგინა, რაც უმუშევართა მთლიან რაოდენობაზე 2 მილიონით მეტია. ექსპერტების შეფასებით, პანდემიის დროს სამსახურების მიტოვება, კოვიდის მუდმივი საფრთხე და შიში, ასევე, ბავშვებზე ზრუნვის სერვისების შემცირება ხალხის სამსახურებში გასვლას ხელს უშლის და მუშახელის დეფიციტს ახანგრძლივებს. ფირმებმა, ასევე, მუშახელის მისაზიდად საწყისი ანაზღაურება გაზარდეს და პრემიები დააწესეს. ზოგიერთმა კომპანიამ სამუშაო ვაკანსიებზე განაცხადების შევსებისკენ 14-15 წლის მოზარდებსაც მოუწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ