სერბეთში Sinopharm-ის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

ბელგრადში, ზემუნის მუნიციპალიტეტში, სერბეთის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთობლივი ინვესტიციის ფარგლებში, ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რაც 30 მილიონი ევრო ჯდება. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

საწყის ეტაპზე ქარხანა 11 800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და წელიწადში, დაახლოებით, 30 მილიონ დოზა ვაქცინას აწარმოებს, ხოლო წარმოების მთლიანი სიმძლავრე 40 მილიონ დოზაზე ექნება. მშენებლობა მომავალი წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩმა ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე განაცხადა, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქარხანა იქნება, სადაც ჩინური ვაქცინა მომავალში გაუმჯობესდება და ახალი კომპონენტებით შეივსება.

პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის ჩამოსასხმელი პირველი სექცია მომავალი წლის მარტისთვის დასრულდება, ხოლო ვაქცინის აქტიური ნივთიერების წარმოების სექცია 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ