ტრილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია IT სფეროში - როგორ აპირებს ინდოეთი თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიური სუპერსახელმწიფო გახდეს

2 ათწლეულის წინ ინდოეთმა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება დაიწყო და დღეს ის IT სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, საგანმანათლებლო სივრცეებისა და სამსახურების საკმაოდ დიდი ნაწილი ონლაინ სივრცეში გადავიდა. პლანეტის მასშტაბით მილიონობით ადამიანისთვის Zoom და მსგავსი პლატფორმები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, ინდოეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა IT სფეროში საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები განეხორციელებინა და SaaS სისტემის (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) ლიდერი გამხდარიყო.

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, 2030 წლამდე ინდოეთში SaaS სისტემის განვითარებაში ტრილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მათ შორისაა ისეთი კომპანიების ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორებიცაა: Zoom, SAP და Slack. ამასთან, აღნიშნულ სფეროში 2030 წლამდე ქვეყანაში დამატებით ნახევარი მილიონი ადამიანი დასაქმდება, რაც ინდოეთში უმუშევრობის დონის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

CNN-ის ინფორმაციით, მომდევნო ათწლეულებში ინდოეთი ციფრული სამყაროს დომინანტი ქვეყანა გახდება, რასაც 2 მთავარი ფაქტორი განაპირობებს. ესენია: 1. IT სფეროში დასაქმებულ ინდოელთა უმეტესობა სრულყოფილად ფლობს ინგლისურს და 2. იაფი მუშახელის გამო, კომპანიებისთვის ინდოეთის მოქალაქეების დაქირავება საკმაოდ მომგებიანია.

გამოცემის მიხედვით, დღესდღეობით ერთსა და იმავე პოზიციაზე საშუალოდ ინდოეთის მოქალაქის ხელფასი ამერიკელთან შედარებით 85%-ით ნაკლებია.

ბექა ბერიაშვილი