როგორ აპირებენ ქუვეითში მანქანების საბურავების სასაფლაოს „ჭკვიან ქალაქად“ გადაქცევას

ცოტა ხნის წინ, ქუვეითში საკმაოდ ამბიციური პროექტი წამოიწყეს, რომელიც მიზნად მანქანების საბურავების სასაფლაოდ ულტრათანამედროვე მომავლის ქალაქად გადაქცევას ისახავს.

Euronews-ის ინფორმაციით, ალ-სალმიში, საუდის არაბეთის საზღვართან ახლოს ერთ არაფრით გამორჩეულ ტერიტორიაზე საბურავებს 17 წლის განმავლობაში აგროვებდნენ.

დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე 42 მილიონზე მეტი საბურავია და საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. ნაგავსაყრელზე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა და გარემოში დიდი რაოდენობის მომწამვლელი ნივთიერებები გაიფრქვა, რამაც ადგილობრივები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენა.

მიმდინარე თვეში ქუვეითის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ნაგავსაყრელის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრა, მის ადგილას კი თანამედროვე ქალაქი გაეშენებინა.

Euronews-ის ინფორმაციით, კომპანია EPSCO Global General Trading-მა უკვე დაიწყო საბურავების გადამუშავება, რასაც ქალაქში გზების მშენებლობისთვის გამოიყენებენ. კომპანია წელიწადში საშუალოდ 3 მილიონ საბურავს გადაამუშავებს.

როგორც ცნობილია, „ჭკვიან ქალაქში“ 25 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ქალაქის მთავარი აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარება იქნება.

გამოცემის მიხედვით, ქალაქს საად ალ-აბდულაჰი (Saad Al-Abdullah) დაერქმევა და ის ახლო აღმოსავლეთის პირველი მსგავსი ულტრათანამედროვე ქალაქი იქნება.

პროექტის ჯამური ღირებულება 3.3 მილიარდი ევროა და ქალაქის მშენებლობა 30 წელში დასრულდება.

ბექა ბერიაშვილი