კახა კალაძე - ავარიული სახლები ინვესტორებთან ერთად რომ ჩაგვენაცვლებინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა

ავარიული სახლები ინვესტორებთან ერთად რომ ჩაგვენაცვლებინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საბურთალოს რაიონში მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრის დროს განაცხადა.

მან მოსახლეობას ასევე მოუწოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ ავთანდილ ცინცაძის კანდიდატურას, რადგან დედაქალაქის საკრებულოს სწორედ მისნაირი კომპეტენტური ადამიანები სჭირდება.

„ავთოსნაირი კომპეტენტური ადამიანები გვჭირდება დედაქალაქის საკრებულოში. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რომ საკრებულოში უმრავლესობით ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ვემსახუროთ თბილისს და კიდევ უფრო კარგი პროექტები განვახორციელოთ", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

„ზოგ სახლს ავარიულობის ისეთი ხარისხი აქვს, რომ სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი ოჯახები ქირით გვყავს გაყვანილი და ამაში მილიონებს ვხარჯავთ. ასევე, უამრავი თანხა იხარჯება მსგავსი სახლების გამაგრების სამუშაოებზე. თუმცა გამაგრებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს თანხები წყალში გადაყრილია. ბევრი ვეცადეთ, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაც, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 6-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„სანამ რაიმე პროექტს დავიწყებთ, იმ პრიორიტეტებს ვითვალისწინებთ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზა. ეს არამხოლოდ ვაშლიჯვრის, არამედ მთელი ქალაქისთვის განტვირთავს მოძრაობას. ზოგადად ვაშლიჯვარი მჭიდრო დასახლებაა. სადაც კი პატარა ხელჩასაჭიდი გვექნება, იქ აუცილებლად მოვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეს", - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა, სარაჯიშვილის ქ. 31-ში შედგა, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორია 2020 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ვინაიდან, ვაშლიჯვრის დასახლება მჭიდროდ განაშენიანებულია, დღის წესრიგში დგას გამწვანებული ტერიტორიის აუცილებლობის საკითხი. აქედან გამომდინარე, შედგა შეთანხმება და ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადასცა ეს ტერიტორია. შედეგად, აღნიშნულ ადგილას (15 000 კვ.მ) გაშენდება პარკი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე, როგორც ვაშლიჯვრის, ასევე, სოფელი დიღმის მცხოვრებთათვის.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე ასევე, იმყოფებოდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.