FT: Mercedes და BMW შეთავაზებებს შეამცირებენ რათა შეინარჩუნონ მაღალი ფასები

გერმანული საავტომობილო კომპანიები Daimler-ი და BMW სამომავლოდ აპირებენ შეამცირონ ავტომობილების წარმოება და ფსონი პრემიალოურ სექტორზე გააკეთონ, რათა შეინარჩუნონ მათზე პანდემიის დროს დაფიქსირებული მაღალი ფასი. ამის შესახებ ბრიტანული Financial Times-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, პანდემიის დროს გამოვლენილმა მიკროსქემების დეფიციტმა ამ კომპანიების წარმოების მასშტაბებს ზიანი მიაყენა, თუმცა, მცირე მიწოდების პირობებში მათ საკუთარ პროდუქციაზე ფასები გაზარდეს და დარწმუნდნენ, რომ მათი კლიენტები მზად არიან მათსავე პროდუქციაში ძვირი ფასი გადაიხადონ.

„ჩვენ შეგნებულად არ დავაკმაყოფილებთ მოთხოვნას,“ - განუცხადა გაზეთს Daimler-ის ფინანსურმა დირექტორმა ჰერალდ ვილჰელმმა. მანვე დასძინა, რომ ამავდროულად კონცერნი დაიწყებს გადასვლას კიდევ უფრო მაღალ, ლუქს კლასის სეგმენტში.

იგივე კონცეფციას იზიარებენ BMW-ში. ბავარიული კონცერნის ფინანსურმა დირექტორმა ნიკოლას პიტერმა აღიარა, რომ კომპანიამ დააფიქსირა მნიშვნელოვანი ფინანსური გაუმჯობესება ბოლო 24 თვეში და აპირებს შეინარჩუნოს ეს მიდგომა.

Financial Times-ი წერს, რომ არსებული პანდემიის დროს ავტომწარმოებლებმა პანდემიამდელი ფასდაკლებები მოხსნეს, ზოგიერთი მოდელი კი უფრო ძვირადაც კი იყიდება. როგორც გამოცემა კონსალტინგურ კომპანია Ellinghorst-ზე დაყრდნობით წერს მიწოდების 1%-ით შემცირება გაზრდილი ფასების პირობებში მწარმოებლებს 20 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს აძლევს.

გამოცემას ამ ორი გერმანული კონცერნის ფინანსური შემოსავლების ზრდის დამადასტურებელი კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს და აცხადებს რომ ბოლო ფინანსური ანგარიშით Daimler-ის შემოსავლები 12,2%-ით, ხოლო BMW-ს 16%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია