კომპანია „ენსისი“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ახორციელებს

სარეკრეაციო ზონების მოწყობა, პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ადმინისტრაციული ცენტრების, საზოგადოებრივი ობიექტების, სხვადასხვა საზოგადოებრივი შენობის, მათ შორის, კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებსაც კომპანია „ენსისი“ ზესტაფონის, ბაღდათის, ხარაგაულის, ბოლნისის, მარნეულისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტებში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ახორციელებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. საქართველოს რეგიონებში ჩნდება ახალი, ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს,“ - ამბობს „ენსისის“ დირექტორი, გეგი ქელბაქიანი.

სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება და მისი მიზანი რეგიონების ურბანული განახლებაა.