,,ჯარიმები ამ მიმართულებით  ჯერ არ დაგვიწერია“ - როგორ მიმდინარეობს HACCP-ის სტანდარტის დანერგვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში

საცალო ვაჭრობის პუნქტებში საკვების მწარმოებლებს 1-ლი ივნისიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწიათ. სტანდარტის დანერგვა სავალდებულო გახდა სარესტორნო ბიზნესისთვისაც.

პროცესის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს არცერთი ბიზნეს ოპერატორი არ დაუჯარიმებია. გაცემულია მხოლოდ რეკომენდაციები - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სააგენტოს უფროსის მოადგილემ განაცხადა.

ვასილ ბასილაძის თქმით, სტანდარტი სხვადასხვა ფორმით სექტორში ისედაც დანერგილი იყო.

,,ჰასპის სტანდარტი საქართველოსთვის და ქართველი ბიზნესოპერატორებისთვის სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. პირველად 2015 წელს შემოვიდა სისტემა სასაკლაოებისთვის. შემდეგ იყო ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოები, შემდეგ თხილის ნედლი გულის გადამამუშავებლები რომელიც საექსპორტოდ გასატან პროდუქტს ამზადებენ. 2021 წლიდან ნახევარფაბრიკატების წარმოებას და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მოუწიათ იგივე სტანდარტის დაკმაყოფილება.შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოც პროცესს ასევე ქრონოლოგიურად მიყვებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვამოწმებთ ბიზნესოპერატორებს რომლებსაც ამ წლების განმავლობაშიც ჰქონდათ სავალდებულო ჰასპის სტანდარტი.

რაც შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს წელს დავიწყეთ ამის კონტროლი და ვამოწმებთ სხვადასხვა პროფილის ობიექტებს. გაცემული გვაქვს რეკომენდაციები კორექტირებისთვის. ჯარიმები ამ მიმართულებით ჯერ არ დაგვიწერია, რადგან ამ მიმართულებით ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული პროცესში და ეტაპობრივად ხდება ხარვეზების დაკორექტირება რომელიც ჩვენგან რეკომენდაციით ეძლევათ. რაც შეეხება შემოწმებულთა ოდენობას. ჩვენ მხოლოდ ამ კონკრეტულ კომპონენტზე ობიექტებს არ ვამოწმებთ. ჰასპის სტანდარტი არის ინსპექტირების ნაწილი. ამიტომ ვერ ვიტყვი, ჰასპის სტანდარტზე რამდენია შემოწმებული. როცა ობიექტზე წლიური შემოწმების ფარგლებში შევდივართ თანადროულად ხდება შემოწმება ყველა კომპონენტზე. ვაძლევთ რეკომენდაციებს და შემდეგ ხდება გადამოწმება. პირდაპირ გეუბნებით ჰასპის სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ საჯარიმო სანქცია არ გამოგვიყენებია. პროცესი მუდმივია და ბიზნესი კარგად უწყობს ხელს“- განაცხადა ვასილ ბასილაძემ ,,ბიზნესპრსნიუსთან“.

ცნობისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. პერიოდულად კი ემატებოდა და მოიცვა ყველა საკვების მწარმოებელი და რეალიზაციის სექტორი.

თამარ მუკბანიანი