Sydney Airport იყიდება - ინვესტორებმა უკვე ინფრასტრუქტურის შესწავლა დაიწყეს

ავსტრალიაში უმსხვილესი აეროპორტის გაყიდვის დრო სულ უფრო ახლოვდება, რადგან ინვესტორების ჯგუფს Sydney Airport Holdings-ის ინფრასტრუქტურის კომპლექსური შესწავლის უფლება მიეცა. Reuters-ის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეთავაზებული თანხა 23,6 მლრდ ავსტრალიურ დოლარამდე (17,4 მლრდ აშშ დოლარამდე) გაიზარდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ აეროპორტის აქციები 5%-ით გაიზარდა. დღეს დილიდან Sydney Airport-ის აქციები 8,40 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. ეს კონსორციუმის მიერ შეთავაზებულ ფასზე დაბალია, რადგან გარიგების დასრულებას ხანგრძლივი დრო დასჭირდება, რაც კონკურენტული წინადადებების შეზღუდულ პერსპექტივას აჩენს. ანალიტიკოსების შეფასებით, კონკურენტი წინადადება ნაკლებად მოსალოდნელია აეროპორტის ფასისა და უცხოური ინვესტიციების წესის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, აეროპორტი ავსტრალიის საკუთრებაში 51%-ით უნდა დარჩეს.

„ჩვენ გარიგების წარმატების მაღალ ალბათობას ვუშვებთ, რადგან დირექტორთა საბჭო მზადაა, ერთხმად გაუწიოს რეკომენდაცია კონსორციუმის წინადადებას, თუკი უფრო მაღალი ფასის ალტერნატიული წინადადება არ არსებობს“ - ნათქვამია Credit Suisse-ის განცხადებაში.

„Sydney Airport-ის შესყიდვა სამოგზაურო სექტორზე გრძელვადიანი ფსონის დადება იქნება, რაც პანდემიის დროს დაზარალდა“, - წერს Reuters.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანა საზღვრების გახსნას უფროსი ასაკის მოსახლეობის 80%-ის სრულად ვაქცინირების შემდეგ აპირებს, რასაც წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

შესასყიდი ფასი აქციაზე 3,6%-ით, 8,75 ავსტრალიურ დოლარამდე გაიზარდა. კონსორციუმის მიერ შეთავაზებული წინა ფასი ჯერ 8,25, შემდეგ კი 8,45 ავსტრალიური დოლარი იყო, მაგრამ ორივე, როგორც „არაადეკვატური ფასი“ აეროპორტის მმართველობის საბჭომ უარყო.

სატენდერო კონსორციუმი Sydney Aviation Alliance ავსტრალიური საინვესტიციო კომპანია IFM Investors-ის, Qsuper-ისა და AustralianSuper-ისგან, ასევე, აშშ-ში დაფუძნებული Global Infrastructure Partners-გან შედგება. კონსორციუმს ექსკლუზიური უფლება მიენიჭა, კომპლექსურად შეისწავლოს აეროპორტის ინფრასტრუქტურა, რასაც გაუმჟღავნებლობაზე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ოთხი კვირა უნდა დასჭირდეს.

კომპანია UniSuper-მა, რომელიც Sydney Airport-ის უმსხვილესი აქციონერია და პაკეტის 15,3%-ს ფლობს, განაცხადა, რომ მზადაა, ეს კაპიტალი პრივატიზებული კომპანიის ინვესტიციად გადააქციოს, რასაც სატენდერო პირობები ითვალისწინებს.

გარიგებას აქციონერთა 75%-ის მიერ დამტკიცებული დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ასევე, კონკურენციის მარეგულირებელი სამსახურისა და უცხოურ ინვესტიციებზე ზედამხედველობის საბჭოს თანხმობა დასჭირდება, რაც, როგორც წესი, თვეების განმავლობაში გრძელდება.

კომპანია VanEck-ის საინვესტიციო განყოფილების უფროსის მოადგილე ჯეიმი ჰანას პროგნოზით, მას შემდეგ, რაც კონსორციუმი Sydney Aviation Alliance აეროპორტის საბუღალტრო ანგარიშებს გაეცნობა, შეთავაზებულ ფასს გაზრდის, რადგან მოგზაურობების გაუმჯობესებულ პერსპექტივაში დარწმუნდება. თავად კონსორციუმში აცხადებენ, რომ კომპლექსური შესწავლის დაწყებას მიესალმებიან და Sydney Airport-ის საბჭოსთან გარიგების დასრულებას მოუთმენლად ელოდებიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ