გაზგასამართ სადგურებს თანხების მოპარვაში ადანაშაულებენ

„დანაშაულის ნიშნები აშკარაა, ეს უკვე საგამოძიებო სტრუქტურების საქმეა“

რადგან ბენზინი საქართველოში საკმაოდ ძვირი ღირს, მძღოლების დიდმა ნაწილმა, მანქანები ბუნებრივ აირზე გადაიყვანა. თუმცა, ბოლო ხანებში ბუნებრივი აირის ფასმაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, მძღოლები გაზრდილი ფასების გარდა, გაზგასამართი სადგურების ოპერატორების მხრიდან არაკეთილსინდისიერ მომსახურებაზეც ჩივიან.

დიდი ხანია, რაც საზოგადოებაში ვრცელდება აზრი, რომ გაზგასამართ სადგურებზე ოპერატორები არაკეთილსინდისიერად მუშაობენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელებშიც ხშირად საუბრობენ. bpn.ge ამ საკითხით დაინტერესდა და მძღოლებს გაესაუბრა. გამოკითხულ რეპოდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ გაზგასამართ სადგურებში სხვადასხვა ხერხით ხდება მომხმარებლის მოტყუება. ჩვენთან საუბარში მძღოლებმა კონკრეტული კომპანიებიც დაასახელეს, თუმცა, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ჩვენ თავს შევიკავებთ მათი დასახელებისგან და იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი უწყებები მათი საქმიანობით დაინტერესდებიან, ხოლო მომხმარებლის უფლებები არ იქნება ისე უგულველყოფილი, როგორც ეს ახლაა.

ავთანდილ სურამლიშვილი, მძღოლი: ”როცა ბენზინი ძალიან გაძვირდა, მანქანა ბუნებრივ აირზე გადავიყვანე, ვიფიქრე, ამ გზით თანხას დავზოგავდი. სამწუხაროდ, ყველა გაზგასამართ სადგურზე გვატყუებენ, ზოგან 30 თეთრს, ზოგან 10 თეთრს. ახლა დათვალეთ მინიმუმ რამდენი მანქანა მივა ერთ კონკრეტულ გაზგასამართ სადგურზე დღის განმავლობაში და ჩემსავით რამდენს მოატყუებენ, ხომ ხვდებით კომპანია რამხელა მოგებას ნახავს? და ვის ხარჯზე? ისევ ჩვენი, მომხმარებლების ხარჯზე, ეს დანაშაულია. პატრონი და გამკითხავი არავინ არის. მსოფლიოში საწვავზე ფასები იკლებს, ჩვენთან კი ავტოგაზი გაძვირდა, რასაც ქურდობაც ემატება. დიახ, ეს არის ქურდობა, სხვას მე ვერაფერს ვუწოდებ. თანხას ხომ იპარავენ და გაზის მოცულობასაც გვაკლებენ.”

ზაურ ოსაძე, მძღოლი: ”ერთ-ერთი ცნობილი კომპანია იცით რას აკეთებს? გაზს ათბობენ და ისე ასხამენ, რომ გაფართოვდეს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, 20 ლარის გაზით დავტვირთე 16 კუბიანი გაზის ბალონი, რომელიც 240 ატმოსფეროთი დაიტვირთა. ყოველი შემთხვევისთვის ასე მითხრეს გაზგასამართ სადგურზე. მოხდა ისე, რომ გაზგასამართ სადგურთან ერთი საათით მომიწია გაჩერება, ამ დროის გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გაზი 50 ატმოსფეროთი შემცირდა. რა უნდა მექნა? ვერ მოვედავე, რადგან მეტყოდნენ, არ ვიცითო - როგორც სჩვევიათ. 50 ატმოსფერო 5 ლარის ღირებულების არის, რაც მცირე თანხა ნამდვილად არ არის. ამ პრობლემის მოგვარებას საშველი არ დაადგა. ლაპარაკის ნაცვლად, კარგი იქნება თუ ხელისუფლება ამ საკითხით დაინტერესდება.”

ჯემალ ნემსაძე, მძღოლი: ”თბილისის გარეუბანში ვცხოვრობ. ჩემს სახლთან ახლოს კერძო გაზგასამართი სადგურია, სადაც 1 კუბური მეტრი ავტოგაზი 1,15 ლარი ღირს. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე ჯერ იქ შევივლი ხოლმე და ავტომობილს საწვავით ვუზრუნველყოფ. დაკვირვებული ვარ, როგორც კი მრიცხველი 4, 70 ლარამდე მივა, ოპერატორი მრიცხველს რთავს. ავზი ბოლომდე რომ გაივსოს, 20 ლარს ვიხდი. რეალურად კი, 18,40 თეთრი უნდა გადავიხადო. ცენტრალურ უბნებში, იგივე ფირმის გაზგასამართ სადგურზე ავზის გავსებაში 25-26 ლარი გადამიხდია. შეიძლება ამხელა სხვაობა იყოს? გაზის საფასური ხომ ყველგან ერთნაირია? კატასტროფა ხდება, რაც ჩვენისთანა ფენის ადამიანს მძიმე ტვირთად აწვება.”

მას შემდეგ, რაც მომხმარებელების პრეტენზიები მოვისმინეთ, Bpn.ge კომენტარისთვის ორგანიზაცია "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელს, ბექა კემულარიას დაუკავშირდა:

- პირდაპირ გეტყვით, მსგავსი საეჭვო ფაქტები მეც შემინიშნავს. ჩვენი ასოციაცია ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებს, რომ შემდეგ შესაბამის ორგანოებს წარვუდგინოთ. ამ ეტაპზე იკვეთება, რომ რეალიზაციის დამალვასთან გვაქვს საქმე. ეს არის დანაშაული. თუ დააკვირდებით მრიცხველებს, ათვლა ნულიდან კი არ იწყება, არამედ 30-35 თეთრიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მონიტორინგი რატომ არ მიმდინარეობს, არ ვიცი. დარღვევა აშკარად არის.

- გამოდის, რომ ეს სფერო უკონტროლოდ არის?

- დიახ, ამ ეტაპზე ასეა. როცა დაუფარავად იწყებენ ათვლას 30 თეთრიდან,

ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონის უკონტროლობაა. თქვენი საიტის საშუალებით მივმართავ საგამოძიებო უწყებებს, თუ ვინმე კორუფციულ გარიგებაში არ არის შესული და ამ სფეროს მაღალჩინოსნები არ ლობირებენ, დანაშაულის ნიშნები აშკარაა. ეს უკვე საგამოძიებო სტრუქტურების საქმეა.

ვანო მთვრალაშვილი, „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის“ ხელმძღვანელი : „გაზგასამართ სადგურებში ოპერირებენ ცნობილი ნავთობკომპანიები, როგორებიცაა „ვისოლი“, „სოკარი“, „გალფი“, სადაც იაპონური, ევროპული გაზგამშვები აპარატურა აქვთ დამონტაჟებული და სკრუპულოზური სიზუსტით აღირიცხება საწვავის ყოველი გრამი. არ მგონია, რომ მაღალი რაგნის მენეჯერებმა მომხმარებელი მოატყუონ, რადგან ეს კომპანიები პირიქით, კლიენტების კმაყოფილებაზე არიან ორიენტირებული. სხვა, ცალკეულ გაზგასამართ სადგურებზე თავს ვერ დავდებ, მოპარვას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ კომპანიებში, რომელიც ჩამოგითვალეთ, 100%-ით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყველაფერი თანამედროვეა და არ იპარავენ. ეს მე თვითონ მინახავს. გაზგასამართი სადგურების მიმართ პრეტენზიებს მომხმარებლების ძირითადად სოციალურ ქსელებში განიხილავენ, ამ პრეტენზიით ჩვენთან არავინ მოსულა. კარგია, რომ თქვენ გეუბნებიან მძღოლები, ე.ი. თქვენი ნდობა აქვთ, მაგრამ ცუდი არ იქნება შესაბამის ორგანიზაციებს თუ მიმართავენ. იმისათვის, რომ მათი უფლებები დაცული იყოს, საჭიროა სამართლებრივი პროცედურების გავლა.“

ჩვენი რესპონდენტების ნაამბობიდანაც ჩანს, რომ ეს საკითხი სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა და მოსახლეობის გაღარიბების რისკები იზრდება, ურიგო არ იქნება თუ სახელმწიფო უწყებები მომხმარებელთა უფლებების და ბიზნესის კეთილსინდისიერების საკითხით უფრო მეტად დაინტერესდება.

სალომე გოგოხია