„თუ წესებს დაარღვევთ, გადახდისთვისაც მზად იყავით“ - აშშ-ში პირბადის გარეშე მგზავრობაზე ჯარიმები ორმაგდება

აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია უნიღბო მგზავრობაზე ჯარიმას 3000 დოლარამდე გაზრდის. ადმინისტრაციის განცხადებას CNBC ავრცელებს.

მგზავრები, რომლებიც საჰაერო, ავტობუსისა და სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრობის დროს ნიღბის ტარებაზე ფედერალურ კანონს დაარღვევენ, გაორმაგებულ ჯარიმას გადაიხდიან. შედეგად, მინიმალური ჯარიმები 500 დოლარიდან დაიწყება, ხოლო განმეორებითი ჯარიმა 3000 დოლარი გახდება.

გასულ თვეს ბაიდენის ადმინისტრაციამ საჰაერო, სარკინიგზო ტრანსპორტითა და ავტობუსით მგზავრობაზე ნიღბების ტარების ფედერალური წესი 18 იანვრამდე გაახანგრძლივა. მისი მოქმედების ვადა სექტემბრის შუა რიცხვებში იწურებოდა. ავიაკომპანიების ეკიპაჟს მითითება მიეცა, რომ თვითმფრინავებში ნიღბების ტარებაზე ფედერალური წესი გაეკონტროლებინათ. ეკიპაჟის წარმომადგენლებს მგზავრების არადისციპლინირებული საქციელი არაერთხელ დაუფიქსირებიათ. სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს მონაცემებით, წელს გამოვლენილი 4200 არადისციპლინირებული საქციელიდან 75% სწორედ ნიღბების ტარების წესს შეეხებოდა.

„თუ წესებს დაარღვევთ, გადახდისთვისაც მზად იყავით“, - განაცხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა კოვიდპანდემიის აღმოფხვრის მასშტაბური ზომების გასაჯაროვების დროს.

ბორტგამცილებლების მიმართ უმართავი და ზოგჯერ აგრესიული დამოკიდებულების შემთხვევების მატების გამო, პრეზიდენტი შენიშნავს, რომ „ეს შეცდომა დ საზიზღრობაა“ და მოქალაქეებს „პატივისცემის გამოჩენისკენ“ მოუწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ