Nestle არაუგვიანეს 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვისკენ მიისწრაფვის

სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტის, შვეიცარული კომპანია Nestle-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ შნაიდერი CNBC-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის მდგრადი განვითარების საკითხი მეტად აქტუალურია და შესყიდვის გადაწყვეტილებებზეც დიდი გავლენას ახდენს.

„ამ თაობის გულისა და გონების მოგება ბიზნესის ზრდის საწინდარია. სამომხმარებლო საქონლის, სასმელისა და საკვები პროდუქტების მარკეტინგში N1 წესი ახალგაზრდა თაობის შენარჩუნებაა “, - აცხადებს შნაიდერი.

Nestle გარემოს დაცვაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს მიმართავს. 2018 წელს კომპანიის საერთო საწარმოო გამონაბოლქვი 113 მლნ. მეტრ ტონა ექვივალენტ ნახშირორჟანგს შეადგენდა, საიდანაც 95% მისი მიწოდების ჯაჭვის წილია. Nestle გეგმავს, რომ 2030 წლისთვის სითბური გაზები 50%-ით შეამციროს, ხოლო არაუგვიანეს 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვისკენ მიისწრაფვის. ეს მიზანი მოიცავს როგორც ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტების მოპოვებას, ისე ლოგისტიკის მართვაში გამონაბოლქვის შემცირებას.

„თუკი გასული წელი კოვიდუსაფრთხოებასა და თაროებზე მარაგების შენარჩუნებას მიეძღვნა, მიმდინარე წელს ყველაფერი მიწოდების ჯაჭვთან იქნება დაკავშირებული. მსოფლიო საზღვაო გადაზიდვები მნიშვნელოვან სტრესს განიცდის, რისი მიზეზიც ენერგომატარებლების ფასის ზრდა და აქედან გამომდინარე, გადაზიდვების გაძვირებაა“, - აცხადებს მარკ შნაიდერი. მისი თქმით, იზრდება ფასები შეფუთვაზეც, რადგან ამაზე დიდი მოთხოვნა კოვიდპანდემიის დროსაც იყო და შემდეგშიც ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა.

„აშკარაა, რომ მიმდინარე წელს დიდი ინფლაციური წნეხი იარსებებს, ხოლო ჩვენი წამყვანი კონტრაქტებიდან ვხედავთ, რომ ინფლაცია 2022 წელსაც გაგრძელდება. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეფიციტის შოკების გამო 2021-22 წლები მნიშვნელოვანი ინფლაციის წლები იქნება“, - აცხადებს შნაიდერი, რომელიც შიშობს, რომ ინფლაცია ერთი-ორი წლების პრობლემა კი არა, შესაძლოა, ბოლო წლების ახალ ციკლად გადაიქცეს.

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბრისა და 12 ნოემბრამდე პერიოდში, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში კლიმატის ცვლილებებზე COP26 სამიტი უნდა გაიმართოს. ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ სამიტი „შეკრებს მხარეებს, რათა კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო კონვენციისა და პარიზის ხელშეკრულების მიზნების აღსრულებისთვის მოქმედება დაჩქარდეს“.

2015 წელს დამტკიცებულ პარიზის შეთანხმებას გაერო კლიმატის ცვლილებებზე იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულებად აღიარებს, რომელიც მიმართულია გლობალური დათბობის ინდუსტრიამდელი დონის 2-ზე ქვემოთ, 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეჩერებას.

„ვიმედოვნებ, რომ ნორმატიული-სამართლებრივი აქტების გლობალური კონვერგენცია კიდევ ერთხელ დამტკიცდება და მთავრობების მხრიდან მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება. ეს კომპანიებმაც უნდა გავაკეთოთ, რადგან ყველა ერთად ერთი მიმართულებით მივდივართ,“ - აცხადებს Nestle-ს აღმასრულებელი დირექტორი მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ მხრივ კომპანიების მიღწევები სათანადოდ უნდა იქნეს აღიარებული და დაჯილდოვებული.

„მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის პიკი უკვე გადალახულია, რაც 2019 წელს მოხდა. ამ დონეს კიდევ უფრო ქვემოთ ვწევთ და კარგა ხანია, დაგეგმარების კი არა, გეგმის განხორციელების სტადიაზე ვართ“, - აცხადებს მარკ შნაიდერი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ