ნიდერლანდების სასამართლომ Uber პლატფორმის ტაქსის მძღოლები დაქირავებულ თანამშრომლებად აღიარა

ამსტერდამის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებიც Uber პლატფორმის საშუალებით მუშაობენ, ფაქტიურად, დაქირავებულ თანამშრომლებს წარმოადგენენ და კომპანიამ ისინი შესაბამისი წესით უნდა დაიქირაოს და კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიებიც გადაუხადოს. ინფორმაციას ნიდერლანდური სააგენტო NOS ავრცელებს.

სარჩელის ინიციატორი ტაქსის მძღოლების პროფკავშირი FNV-ია, რომელმაც კომპანიის მიდგომები გააპროტესტა. კერძოდ, პროფკავშირი ამტკიცებს, რომ მძღოლების უმრავლესობა მინიმალურ ხელფასზე ნაკლებს იღებს და კომპანიამ მათ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად უნდა გადაუხადოს.

FNV-ში აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან. თავის მხრივ, ჩრდილოეთ ევროპაში Uber-ის წამყვანი აღმასრულებელი დირექტორი, მაურიც შონფელდი გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.

„ჩვენ ვიცით, რომ მძღოლების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, დამოუკიდებლად გააგრძელოს მუშაობა და არჩევანის თავისუფლებით თავად გადაწყვიტოს, თუ როდის, როგორ და ვისთან ერთად იმუშაოს, ამიტომ იმავე მძღოლების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, ხოლო ჰოლანდიაში ჩვენს პლატფორმას გავაუმჯობესებთ“, - აცხადებს მაურიც შონფელდი.

Uber-თან ტაქსის მძღოლების თანამშრომლობის პირობებზე სარჩელები, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში იხილება. დიდ ბრიტანეთში სასამართლომ Uber-ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც პლატფორმის საშუალებით მუშაობენ, ასევე, დაქირავებულ თანამშრომლებად აღიარა და კომპანიას მათთვის მინიმალური ხელფასისა და ანაზღაურებადი შვებულების გაცემის ვალდებულება დააკისრა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ