,,დროში ბიუროკრატიის გამო გაიწელა" - როდის დაიწყებს „ეარ ჯორჯია“ ტრანსკონტინენტალურ ფრენებს

ქართული ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ ტრანსკონტინენტალური ფრენები აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბიუროკრატიის გამო ისევ გადავადდა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს" „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა განუცხადა.

გიორგი კოდუას თქმით, ფრენები გარკვეული მიმართულებით სავარაუდოდ ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა ყველაფერი მაინც ავიაციის სააგენტოზეა დამოკიდებული. რაც შეეხება რეისებს აშშ-ში ის, მომავალ წლამდე გადავადდა.

,,ამ ეტაპზე, თბილისიდან ფრენებს ბიუროკრატიის გამო ვერ ვიწყებთ.ზოგადადაც რთული საკითხია ამ მასშტაბის რეისების დაწყება. თვითმფრინავის შემოყვანით დაწყებული, ყველა დოკუმენტზე ნებართვის მიღების ჩათვლით. ახლა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზეა რეალურად დამოკიდებული, როდის დავიწყებთ ფრენებს შორ აზიაში და კიევში. რეისები აშშ-ში კი მომავალ წლამდე გადაიდო.

ქალაქები შეიძლება რომ კიდევ შეიცვალოს, ყველაფერი უფრო ზუსტად უახლოეს კვირებში გვეცოდინება. ახლა, ჩვენს პარტნიორებთანაც მიდის მოლაპარაკება. სადაც ფრენები უკვე დაწყებული უნდა გვქონდეს გავდივართ გადავადების მიზეზებს და ვუხსნით რით არის განპირობებული"- განაცხადა კოდუამ.

Air Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა ასევე ამბობს, რომ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი გაჩერდა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს პირველი ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი მოსწონს, თუმცა ბიზნესმენი ოპერირების პირობებზე სახელმწიფოსთან ვერ თანხმდება, უფრო სწორად ბოლო ერთი წელია, კოდუამ ვერ იპოვა პირი, ვისთანაც ხელშეკრულების დეტალებს შეათანხმებდა.

“ამ პროექტის მარტო განხორციელება შეუძლებელია. ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს WIZZ AIR და ამ ავიაკომპანიისთვის თუ არის გამოყოფილი ის რესურსი და ენერგია, რომ ამ ავიაკომპანიებს ყურადღება მიაქცია მთავრობამ, მე არ მესმის, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას. ამ ავიაკომპანიასაც ანალოგიურად შეეძლო განეხორციელებინა იგივე რეისები ქუთაისიდან. WIZZ AIR კი ოპერირებს ქუთაისიდან, თუმცა აქედან თანხები ბიუჯეტში არ შემოდის. ჩვენი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების შემდეგ კი ჩვენი ბიუჯეტი უფრო მეტ სარგებელს ნახავს. უფრო დიდი ინტერესი უნდა ჰქონდეს ეკონომიკის სამინისტროს რომ ამ თანხების გამომუშავება მოხდეს საქართველოში", - აცხადებს კომპანია „აირ ჯორჯია”-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა ,,ბიზნესპრესნიუსთან".

თამარ მუკბანიანი