კრემლმა დუმის არჩევნებამდე AppStore-ის აპლიკაციები დაბლოკა

Apple-ის მობილური ტელეფონების რუსი მომხმარებლები ამ კვირის დასაწყისიდან AppStore-იდან განახლებების ჩამოტვირთვას ვერ ახერხებენ, რასაც კომპანია Apple-იც ადასტურებს. მიზეზი ისაა, რომ ფედერაციის ხელისუფლება AppStore-ის იმ აპლიკაციას ბლოკავს, რომლითაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო არჩევნებისთვის ტაქტიკური ხმის მიცემა არის შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კრემლი უხეშ ზომებს მიმართავს დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსანდრე ნავალნისთან დაკავშირებულ ონლაინ რესურსების მიმართ. ხელისუფლება, ასევე, ბლოკავს ტექნოლოგიებს, რომლებიც ონლაინ-აკრძალვებისგან თავის დასაღწევად გამოიყენება, რამაც შედეგად 17-19 სექტემბრის კენჭისყრის წინ რუსი საზოგადოებისთვის ინტერნეტის მნიშვნელოვანი გათიშვა გამოიწვია“, - წერს Reuters-ი.

კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ რამდენიმე ამერიკულ კომპანიას, მათ შორის Apple-ს მოუწოდა, შეეწყვიტათ ნავალნის გუნდის მომარაგება ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც მას ხელისუფლების აკრძალვითი ზომების გვერდის ავლაში ეხმარება. კრემლმა ნავალნის გუნდის აპლიკაცია მას შემდეგ დაბლოკა, რაც ზაფხულში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოძრაობა ექსტრემისტულად და კანონგარეშედ გამოაცხადა.

მიმდინარე კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნავალნის გუნდი შენიშნავს, რომ მათი აპლიკაციის ჩამოტვირთვის დროს ბევრ მომხმარებელს პრობლემა შეექმნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუს მომხმარებლებს ამ აპლიკაციის გამოყენება მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთისთვის“ დარტყმის მიყენების მიზნით, ვირტუალური კერძო ქსელის გარეშე ტაქტიკური ხმის მიცემისთვის სურთ.

„სამთავრობო „როსკომნადზორმა“ რუსეთში AppStore-ის აპლიკაციების განახლების ინსტალაცია დაბლოკა“, - წერს ნავალნის თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი Telegram-ზე.

„როსკომნადზორმა“ Reuters-ს კომენტარზე უარი განუცხადა.

რუსეთში Apple-ის მხარდაჭერის სერვისმა დაადასტურა, რომ AppStore-ის მუშაობის შეფერხება დროის გარკვეულ მონაკვეთში ხდება და მომხმარებლები სერვისთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ