აჭარაში პირველი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა

უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა.

აჭარაში პირველი კანიონი გიდებმა და მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრეს. ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია. უჩხოს ხეობის კილომეტრნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება.

კანიონინგი აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა. სპეციალურად პროექტისთვის გადამზადდნენ კანიონგის ინსტრუქტორები, რომლებიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში დაეხმარება. ტურისტული სერვისის შეკვეთა მსურველებს აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ.

უჩხოს ხეობა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ბათუმიდან საშუალოდ 2-2,5 საათის სავალ ნაწილზეა. ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებით გამორჩეულია თავად ხულოს მუნიციპალიტეტიც, სადაც გარდა კანიონინგისა 5-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული.