დეპოზიტებზე დოლარიზაციის დონე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე დაახლოებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 60.01% გახდა, ხოლო, სესხებზე ოდნავ შემცირდა და 52.27% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და ლარში დეპოზიტების განთავსება უფრო მომგებიანია, ფაქტია, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. რაც შეეხება სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებას, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ლარის არასტაბილური მდგომარეობა იყოს. უფრო კონკრეტულად, თუ ეკონომიკური აგენტი სესხს იღებს დოლარში, ხოლო შემოსავალი აქვს ლარში, მაშინ მას ვალდებულებების გადახდა დოლარით მოუწევს, ხოლო ლარის გაუფასურება, მსესხებლისთვის დამატებითი ტვირთია ვალის გასასტუმრებლად.

გარდა ამისა, როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა 2015 წლიდან აღინიშნება და 2016 წლის მე-4 კვარტალში, შესაბამისად, 69.8% და 65.4% დაფიქსირდა. უკვე 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, თუმცა, 2019 წლის მე-4 კვარტლიდან კვლავ ზრდა დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დეპოზიტებზე აღნიშნულმა მაჩვენებელმა 62.7% შეადგინა, სესხებზე კი - 55.5%.

ნოდარ სირბილაძე