Amazon-მა საშუალო საათობრივი ანაზღაურება გაზარდა

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, Amazon-მა აშშ-ში საშუალო საწყისი საათობრივი ანაზღაურება 18 დოლარზე მეტად გაზარდა. კომპანია დამატებით 125 000 საწყობისა და ტრანსპორტის თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს.

მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ-მაღაზიამ მაისში საათობრივი საშუალო ანაზღაურება, დაახლოებით, 17 დოლარამდე გაზარდა. Amazon Delivery Services-ის ვიცე-პრეზიდენტი, დეივი ბოზმანი აცხადებს, რომ კომპანია ზოგიერთ რეგიონში 3000 დოლარის ოდენობით ხელმოწერის ბონუსებსაც იძლევა, რაც ოთხი თვის წინათ შეთავაზებულ თანხაზე სამჯერ მეტია.

„ხელფასის კიდევ უფრო გაზრდა ადასტურებს, რამდენად მონდომებული არიან დამსაქმებლები, აშშ-ს მეტად შეზღუდულ შრომის ბაზარზე მუშახელი მიიზიდონ. უმუშევრების დახმარებით სულ უფრო ნაკლები ამერიკელი სარგებლობს, რადგან ხელახლა გახსნილი ეკონომიკისთვის ვაკანსიების რაოდენობამ რეკორდს მიაღწია“, - წერს Reuters-ი.

თავად ბოზმანი Amazon-ში ხელფასების ზრდას მძაფრ კონკურენციას უკავშირებს. ის ზუსტ ციფრებს არ ასახელებს, თუმცა საათობრივ ანაზღაურებაზე არსებული 17 დოლარისთვის 1 დოლარის დამატება, დაახლოებით, 6%-იან ზრდას შეადგენს. ამჟამად Amazon-ი აშშ-ში სიდიდით მეორე კერძო დამსაქმებელია. კომპანიამ 2018 წელს მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებად 15 დოლარი დააწესა. Walmart-მა ახლახან აღნიშნული ანაზღაურება 16,40 დოლარამდე გაზარდა, ხოლო Walgreens Boots Alliance ოქტომბერში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების 15 დოლარამდე გაზრდას აპირებს.

დეივი ბოზმანი აცხადებს, რომ Amazon-ი 15-დოლარიან მინიმალურ საბაზისო საათობრივ ანაზღაურებას შეინარჩუნებს. კომპანია თანამშრომლებს სხვა შეღავათებსაც სთავაზობს. მაგალითად, ისეთს, როგორიცაა კოლეჯებში სწავლის დაფინანსება; ზოგიერთ სფეროში კი, ხელფასის მინიმალური ზღვარი 22,50 დოლარსაც შეადგენს, რაც Amazon-ს სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს.

კომპანია დამატებით მუშახელს აშშ-ში 100 ლოგისტიკური ობიექტის გასახსნელად ქირაობს, რასაც მიმდინარე თვეში აპირებს. ეს 100 ობიექტი წლის დასაწყისში გახსნილ 250 ობიექტს დაემატება. ახალი თანამშრომლების ნაწილი Amazon-ის მრავალწლიან Prime-კლუბის წევრებისთის ერთ დღეში მიწოდების სერვისზე დასაქმდება.

კომპანიის პერსონალის მენეჯერი, ნიკოლ ბილიჩი აცხადებს, რომ კონკურენტუნარიანი სახელფასო ანაზღაურება ახალ თანამშრომლებს კალიფორნიის შტატის სტოქტონის საწყობშიც იზიდავს, რომლის გახსნასაც Amazon-ი ოქტომბერში გეგმავს. თუმცა, მისი თქმით, სამ-ოთხ თვეში 2200 ადამიანის დაქირავება მარტივი საქმე არ არის.

„დღეს ჩვენთვის ყველას დიდი გამოწვევა საჭირო რაოდენობის მუშახელია“,- აცხადებს ბილიჩი.

თვის დასაწყისში Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯასიმ განაცხადა, რომ კომპანია მსოფლიო მასშტაბით ტექნოლოგიურ და კორპორატიულ სამუშაო პოზიციებზე 55 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ