ევროკომისია პანდემიისთვის მზადების საგანგებო სააგენტოს ქმნის

ევროკომისიის სტრუქტურაში ახალი ორგანოს შექმნა იგეგმება, რომლის ამოცანაც მომავალში შესაძლო პანდემიისთვის მზადება და „სამედიცინო კონტრზომების" შემუშავება იქნება. ინფორმაციას პორტალი Euractiv მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე ავრცელებს.

ახალ ორგანოს „ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისა და რეაგირების სააგენტო“ (Health Emergency Preparedness and Response Authority-HERA) დაერქმევა და მასზე დისკუსიის დაწყება უახლოეს დღეებში არის მოსალოდნელი. დეტალები ოფიციალურად 16 სექტემბერს გახდება ცნობილი.

„COVID-19 ჯანმრთელობის სისტემაში გადაუდებელი ბოლო ნეგატიური მოვლენა არ იქნება. ბლოკი არა მხოლოდ პანდემიის, არამედ ბიოტერორიზმის რისკებისთვისაც მზად უნდა იყოს“,- წერია დოკუმენტში.

Euractiv-ის ინფორმაციით, სააგენტო მუშაობის დასაწყებად 2022 წლის დასაწყისში უკვე მზად უნდა იყოს. მისი მთავარი ამოცანა პოტენციური კრიზისებისთვის მზადებისა და პრობლემების გამოვლენის მიზნით, ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.

სხვა ზომებთან ერთად, მის უფლებამოსილებაში შევა „საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებების" შემუშავება, დამზადება, შესყიდვა და თანაბარი განაწილება, რაშიც ვაქცინები, ანტიბიოტიკები, ანტიდოტები, სხვადასხვა სამედიცინო საშუალება, ტესტები და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა იგულისხმება.

HERA-ს ევროკავშირის ცალკეული სააგენტოს სტატუსი არ ექნება, როგორიც, მაგალითად, ევროპის წამლის სააგენტო ან დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრია. ახალი სააგენტო ევროკომისიის სტრუქტურული ორგანო იქნება.

HERA საწყის ეტაპზე 6 მლრდ ევროთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო თანხის ნაწილი კორონაპანდემიის დროს ეკონომიკის ხსნის 750 მილიარდი ევროს ფონდიდან იქნება გამოყოფილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ