ესპანეთის მთავრობამ ელექტროენერგიის ფასების სასწრაფოდ შემცირება დაიწყო

ესპანეთის მთავრობამ ელექტროენერგიის გადასახადის სასწრაფოდ შემცირება დაიწყო, რათა ელექტროენერგიის ფასებით გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს წერტილი დაუსვას. The Times-ის ცნობით, ესპანეთში ელექტროენერგიაზე ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი გადასახადი არის დაწესებული.

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესმა, ასევე, გაზის ფასების შემცირება დააანონსა და პირობა დადო, რომ ელექტროენერგიის ფასებს ენერგეტიკული კომპანიების მოგების გადარიცხვებით შეამცირებს. პრემიერი სანჩესი, რომელიც ესპანელი სოციალისტების ლიდერია, აცხადებს, რომ მიუღებელია, ენერგეტიკული კომპანიები მოგებას ელექტროენერგიის საბაზროზე უფრო მაღალი ფასებით იღებდნენ.

„ჩვენ ვაპირებთ, ენერგეტიკულ კომპანიებს ის ექსტრაორდინალური მოგება ჩამოვართვათ, რომელსაც უსამართლო ფასებით იღებენ და ის მომხმარებლებს გადავცეთ”, - აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, შემცირდება, ასევე, ელექტროენერგიის სპეციალური გადასახადი 5.1%-დან 0.5%-მდე. პრემიერი აცხადებს, რომ, ეს ღონისძიებები მთავრობის შემოსავალს წელს, დაახლოებით, 1,4 მლრდ ევროთი შეამცირებს, ხოლო 650 მლნ ევრო ენერგეტიკული კომპანიების მოგებიდან გამოიქვითება და მომხმარებლებზე გადამისამართდება.

„ენერგეტიკული კომპანიები უზარმაზარ მოგებას იღებენ, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან ეს ენერგომატარებლების გაბერილი ფასებიდან მიღებული მოგებაა. ჩვენს თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველა მოქალაქე წელს ელექტროენერგიის იმავე გადასახადს გადაიხდის, რასაც 2018 წელს იხდიდა“, - აცხადებს პედრო სანჩესი.

გასულ თვეს ესპანეთში ელექტროენერგიის ფასი ივლისის ფასს 7.8%-ით აღემატებოდა, ხოლო 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 34.9%-ით მეტი იყო. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ფასების მატება იმპორტირებულ გაზზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ფასმა განაპირობა. გაზის იმპორტი ესპანეთის ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია. ელექტროენერგიის გაძვირება ნახშირბადის სერტიფიკატების ღირებულების ზრდამაც განაპირობა, რაც კომპანიებს ნახშირორჟანგის გამოყოფის უფლებას აძლევს.

ამ საკითხზე მთავრობაში უთანხმოება სულ უფრო იზრდებოდა. სოციალისტების კოალიციურმა პარტნიორებმა, მემარცხენე Podemos-ის ლიდერებმა ფასების შემცირება მოითხოვეს.

ესპანეთში ელექტროენერგიის საცალო ფასი მჭიდროდ არის დაკავშირებული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან და იმპორტზე არის დამოკიდებული, ამიტომ ბევრი მომხმარებელი ფიქსირებულ კი არა, ცვალებად ტარიფს იხდის. ბაზრის ოპერატორ OMIE-ის მონაცემებით, ელექტროენერგიის ფასმა რამდენიმე კვირაში რეკორდი მოხსნა და ორშაბათს უმაღლეს მაჩვენებელს, მეგავატ საათში 154.16 ევროს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ