საშუალო თვიური ხელფასი 177.9 ლარით გაიზარდა - 4 დარგი, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ

2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 560 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

„2021 წლის მე-2 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის მე-2 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.8 ლარით გაიზარდა და 1 226.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი