H&M-ის გაყიდვები ზრდას განაგრძობს, თუმცა პანდემიამდელ დონეს ვერ აღწევს

მოდური ტანსაცმლის მსოფლიოში სიდიდით მეორე საცალო მოვაჭრე, შვედური კომპანია H&M გაყიდვებს ისევ ზრდის, თუმცა პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება. Reuters-ის მონაცემებით, H&M-მა აგვისტომდე, სამი თვის განმავლობაში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 9%-ით, ადგილობრივ ვალუტაში კი - 14%-ით, ანუ 55,6 მლრდ კრონამდე (6,46 მლრდ დოლარამდე) გაზარდა.

კვლევითი კომპანია Refinitiv-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები სუფთა გაყიდვების, საშუალოდ, 14%-მდე ზრდას პროგნოზირებდნენ. პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, მაისი-ივლისის სამთვიან პერიოდში სუფთა გაყიდვები 11%-ით შემცირდა და 62,6 მლრდ კრონს ჩამოსცდა.

H&M-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყიდვებზე არსებული პანდემია ჯერ კიდევ მოქმედებს, რის გამოც ბაზრები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ლოქდაუნები და შეზღუდვები, განსაკუთრებით, აზიაში განვითარებას აფერხებდა. იმ ბაზრებზე, სადაც შეზღუდვებს ხსნიდნენ, მაღაზიებში გაყიდვები საგრძნობლად მატულობდა. განსაკუთრებით განაგრძობს ზრდას ონლაინ გაყიდვები“, - ნათქვამია განცხადებაში.

H&M მესამე კვარტლის წაგება-მოგების სრულ ანგარიშს 30 სექტემბერს გამოაქვეყნებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნესის აღდგენა გრძელდება, რისი მთავარი მიზეზიც სრულ ფასში გაყიდვების ზრდა და ხარჯების მკაცრი კონტროლია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ