მექსიკის სამხრეთ შტატებში ამერიკელი ავტომწარმოებლებისთვის ნახევარგამტარი ჩიპების საწარმოები აშენდება

მექსიკა ნახევარგამტარი ჩიპების წარმოების გაზრდას გეგმავს და სამხრეთ შტატებში, სადაც საჭირო რაოდენობით წყალია, საწარმოების მშენებლობას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრ ტატიანა კლუტიერმა განაცხადა, რასაც Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკა-მექსიკის ე.წ. მაღალი დონის ეკონომიკური დიალოგის (High-Level Economic Dialogue-HLED) ფორმატში რამდენიმე წლის შემდეგ პირველად გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთო მიწოდების ჯაჭვი შექმნან, განსაკუთრებით, კონკურენტუნარიან ნახევარგამტარებისთვის.

„შეთანხმება განაპირობა იმან, რომ ნახევარგამტარი ჩიპების უკმარისობამ ამერიკელი ავტომწარმებლები აიძულა, წარმოება შეეჩერებინათ, ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ პრობლემა უფრო ღრმავდება“, - წერს Reuters-ი.

„რაკი ნახევარგამტარების წარმოება უამრავ წყალს მოითხოვს, ჩვენ მათი წარმოებისთვის უფრო სამხრეთით გადანაცვლება მოგვიწევს, სადაც წყალი გაცილებით მეტია, ვიდრე აშშ-ს საზღვრის მახლობელ ჩრდილოეთის მშრალ შტატებში“, - აცხადებს ტატიანა კლუტიერი Reuters-თან ინტერვიუში.

მექსიკის უღარიბესი სამხრეთ შტატების ინვესტირება და განვითარების მხარდაჭერა პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა თავისი ადმინისტრაციის მთავარ ამოცანად დაისახა.

„როცა ჩვენ მიწოდების ჯაჭვის დაბალანსებაზე ვსაუბრობთ, სამხრეთ შტატების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია“, - აცხადებს კლუტიერი და შენიშნავს, რომ მექსიკის შტატებში, ხალისკოსა და ქვედა კალიფორნიაში ნახევარგამტარი ჩიპების საწარმოები უკვე არსებობს.

„მექსიკას შეუძლია, წვლილი შეიტანოს ნახევარგამტარების შეკრება-შეფუთვასა და ფირფიტების დამზადებაში“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ნახევარგამტარი ჩიპების ფირფიტები სილიკონის დისკებია, რომელზეც ჩიპები დიდი მოცულობით თავსდება და თითოეული ფირფიტა შესაძლოა, ათასობით მიკროსქემის შემცველი იყოს.

HLED-ის ფორმატში მექსიკა და აშშ შეთანხმდნენ, რომ ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვის ამოქმედებისთვის ორმხრივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რომლებიც, ასევე, სამედიცინო მოწყობილობების და ფარმაცევტული პრეპარატების მომარაგების ხაზის შექმნაზე იმუშავებს. ამ მიზნით, მექსიკის ეკონომიკის მინისტრი ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბჭოს წევრებს შეხვდა. ნახევარგამტარების ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს, ხოლო შედეგების შესახებ ანგარიში ჯგუფმა 9 ნოემბერს უნდა წარმოადგინოს.

მექსიკელი ჩინოვნიკები ნახევარგამტარი ჩიპების საკითხზე აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივან ჯინა რაიმონდოს ვაშინგტონში თვენახევრის წინაც შეხვდნენ. ტატიანა კლუტიერი აცხადებს, რომ ორი ქვეყანა, ასევე, ელექტრომობილების აკუმულატორული ბატარეების შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის საწყის ეტაპზეა.

„ჩვენ მრავალი ძირითადი ინგრედიენტი და მინერალი გვაქვს, რომლებიც ბატარეებისა და მათი კომპონენტების წარმოებისთვის აუცილებელია“, - აცხადებს მინისტრი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ