რა ხედვა აქვს გიორგი ვაშაძეს  საპენსიო სესხების საკითხთან დაკავშირებით

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთისა და ლიბერთი ბანკის მიმართ კრიტიკულობით გამოირჩევა გიორგი ვაშაძეა, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს საპენსიო სესხის პროცენტი, რომელსაც ლიბერთი სთავაზობს მომხმარებელს საკმაოდ მაღალია. შესაბამისად დავინტერესდით იმით თუ რის საფუძველზე განსაზღვრა გიორგი ვაშაძემ სესხის მაღალი პროცენტულობა.

ბატონო გიორგი, თქვენ აქტიურად საუბრობთ პენსიების თემაზე თქვენი აზრით რა არის უფრო დიდი პრობლემა პენსიის მოცულობა თუ საპენსიო სესხი?

- ამ ყველაფერს ერთმანეთს ვერ შევადარებთ, რადგან ორი სხვადასხვა თემაა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პენსია დაბალია საქართველოში და გაზრდილი ფასების პირობებში უფრო და უფრო ნაკლებს პროდუქტს მოიხმარენ პენსიონერები. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ სწორედ ამ დაბალ პენსიას, ამ შემთხვევაში ლიბერთი ბანკი იყენებს უსამართლოდ, რადგან მათ ექსკლუზივი აქვთ პენსიის გაცემაზე და სწორედ ისინი აწესებენ სესხის პროცენტს ისე, როგორც მოუნდებათ.

მაგრამ სხვა ბანკებიც ხომ გასცემენ საპენსიო სესხებს? ამ შემთხვევაში ხომ ალტერნატივაც ჩნდება მომხმარებლისთვის?

- არ გეთანხმებით, სხვა ბანკებს არ აქვთ, რადგან პენსიონერი პენსიას იღებს ლიბერთი ბანკიდან, შესაბამისად, პენსიონერის სესხის გამოტანას პენსიის უზრუნველყოფით მხოლოდ ლიბერთ ბანკში ახდენს. რადგან ადამიანი პენსიას უჩვენებს ლიბერთი ბანკს როგორც შემოსავალს.

თქვენ საუბრობთ მაღალ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც თქვენივე თქმით ლიბერთი ბანკს აქვს. მაინტერესებს რის საფუძველზე ამბობთ ამას, ანუ მომხმარებლის გადმოსახედიდან თუ შესწავლილი გაქვთ კონკრეტულად ბაზარი?

- დიახ ჩვენ ბაზარი გვაქვს შესწავლილი და შემიძლია გითხრათ, რომ საპენსიო სესხები ერთ-ერთი ყველაზე გარანტირებული სესხია, რადგან ადამიანი ვერ გაახალგაზრდავდება. მეორეც, თუ ვსაუბრობთ გარდაცვალების საფრთხეზე ესეც დაანგარიშებული გვაქვს და გამოდის, რომ სესხის პროცენტში 2%-ით არის გათვალისწინებული ეს საფრთხე.

ეს ყველაფერი ვისთან ერთად დაიანგარიშეთ? გყავთ კონკრეტული ექსპერტები თუ თანამშრომლობთ კონკრეტულ ორგანიზაციასთან?

- ჩვენ გვყავს ექსპერები, ეკონომისტები ჩვენ ჯგუფში, რომელთან ერთადაც დავიანგარიშეთ ეს ყველაფერი, მათ შორისაა, ლექსო მამნიაძე და სხვები.

თქვენ ახსენეთ, რომ საპენსიო სესხი ყველაზე მაღალ გარანტირებული სესხია. თუმცა, ბანკი ამობობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც არის ძალიან მაღალი რისკის და სწორედ ამის გამოა მისი პროცენტი ყველაზე მაღალი, თქვენ არ ეთანხმებით ამას?

- ხო მაგრამ გითხარით, რომ რისკი არის მხოლოდ 2%. როგორც ვახსენე ჩვენ სპეციალისტებთან ერთად დავთვალეთ ეს ყველაფერი.

ასევე მაინტერესებს შედარებული გაქვთ როგორი პროცენტებია სხვა ბანკებში, მაგალითად არსებობს კვლევები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ უფროსი ასაკის პირებისთვის სესხები სხვა ბანკებში უფრო მაღალი პროცენტითაა, ვიდრე ლიბერთიში?

- კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საპენსიო სესხების ცნება სხვა ბანკში უბრალოდ არ არსებობს, რადგან სხვა ბანკში პენსიიით უზრუნველყოფა არ ხდება, ასე რომ ეს კვლევები არის აბსურდი.

ცნობილია თუ არა თქვენთვის ვინ უზრუნველყოფს პენსიონერების სესხის აღებისას სიცოცხლის დაზღვევას?

- ეს ყველაფერი თვითონ სესხის პროცენტშია ჩადებული. თვითნ ეს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ამას.

ზოგადად განცხადებები და დაპირებები, რომ სესხი პროცენტს შეამცირებთ კარგია, მაგრამ რა არის თქვენი კონკრეტული გეგმა?

- ჩვენ რეგისტრირებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც მარტივ რამეს ითვალისწინებს .პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, რომელ ბანკშიც უნდა იმ ბანკში აიღოს პენსია შემდგომში სწორედ იმ ბანკისგან აიღოს პენსიით გარანტირებული სესხი. არ არის საჭირო, რომ მაინცდამაინც ლიბერთი ბანკში ჩაერიცხოთ პენსია. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ ლიბერთი ბანკს მონოპოლია აქვს. ჩვენი გათვლებით, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება იქ აიღოს სესხი, სადაც მას უნდა. ეს კონკურენციას გაზრდის და ჩვენი გუნდის კვლევებით საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-მდე შემცირდება.

როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძე და მისი გუნდი ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. მოცემულ ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოჩნდა, მათ შორისაა ისიც, რომ თითქოს მხოლოდ ლიბერთი გასცემს უფრო ასაკის ხალხისთვის სესხებს. არადა ეკონომიკური მედიის „ბანკები და ფინანსები“ კვლევით, სესხებს სხვა კომერციული ბანკებიც გასცემენ. გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება პენსიის სხვა ბანკში აღების, მაშინ სესხების განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით სხვა ბანკებში რეალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია, ვიდრე ლიბერთიში. ჩვენ ასევე ვერ მივიღეთ პასუხი იმაზე იცის თუ არა კონკრეტულად გიორგი ვაშაძემ ნებისმიერი სესხის პროცენტი, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა მას გუნდში ეკონომიკაში უფრო ჩახედული თანამშრომლებიც ჰყავს, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ.

ნოდარ სირბილაძე