„მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, აქედან 180 იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი, 200 ცალი იქნება 18-მეტრიანი"

ავტობუსების ჩანაცვლების გარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, აქედან 180 იქნება 8- მეტრიანი ავტობუსი, 200 ცალი იქნება 18- მეტრიანი ავტობუსი, რომლის შესყიდვას მომავალ წელს განვახორციელებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისში უკვე ჩამოვიდა 20 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც დედაქალაქში მოძრაობას 22 სექტემბრიდან დაიწყებს. ამასთანავე, როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა სამარშრუტო ტაქსების სრულ განახლებაზე და წლის ბოლოსთვის სამარშრუტო ტაქსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება ახალი მიკროავტობუსებით.

„თქვენ იცით, რომ ავტობუსების განახლება - ჩანაცვლება ჩვენ ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ისეთი უბნები, ქუჩები, რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ გარდა ჩანაცვლებისა, მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, აქედან 180 იქნება 8- მეტრიანი ავტობუსი, 200 ცალი იქნება 18- მეტრიანი ავტობუსი, რომლის შესყიდვას მომავალ წელს განვახორციელებთ. 180 რვამეტრიანი ავტობუსებიდან უკვე 20 ავტობუსი ჩამოვიდა, დედაქალაქშია და 22 სექტემბრიდან გაიშვება ხაზზე.

თქვენ იცით, რომ ასევე, დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება - ჩანაცვლების პროგრამა და წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება ჩანაცვლებული მიკროავტობუსები, არც ერთი ყვითელი დანგრეული ე.წ მარშუტკები ქალაქში არ იმოძრავებს. დღეის მდგომარეობით ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და ესეც 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. თქვენ იცით, რომ ქსელის მთლიანად განახლება მიმდინარეობს იმისთვის, რომ არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, არც ერთი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ყველანაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის, კომფორტული უნდა იყოს და თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, უნდა შეძლოს ქალაქში გადაადგილება, ამისთვის მნიშვნელოვანია, ასევე ინფასტრუქტურის მოწყობა, რასაც პარალელურად ვახორციელებთ,“- განაცხადა კალაძემ.