მაკაუს სათამაშო ინდუსტრია მილიარდებს კარგავს

ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მაკაუს სათამაშო ბიზნესის კომპანიების აქციების ფასი, თითქმის მესამედით დაეცა და საერთო ჯამში, 14 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ამის მიზეზი ისაა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ, კაზინოების რეგულაციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი კონსულტაციები დაიწყო. ინვესტორები კი შიშობენ, რომ ამას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სათამაშო ცენტრში, წესების გამკაცრება მოჰყვება.

ქალაქის მთავრობას აზარტული თამაშების კანონის გადახედვა და გამკაცრება სურს, რაც ბაზარზე შიშს იწვევს. იმავდროულად, მაკაუში კაზინოების ლიცენზიების ხელმეორედ გაყიდვა, მომავალ წელს დაიწყება. მოსალოდნელი გამკაცრების გამო, ჰონ კონგის სააქციო ბაზარს დიდი დანაკარგები აქვს.

სათამაშო ბიზნესის გარდა, ჩინეთის ხელისუფლება არაერთ სფეროში ამკაცრებს კანონებს, მათ შორის ტექნოლოგიურ, განათლების და უძრავი ქონების ბაზრის სექტორებში. ამას უკვე მოჰყვა აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა, რაც ჯამში ასობით მილიარდ დოლარს აღწევს.

ყველაზე მეტად, კომპანია „ვინ მაკაუმ“ იზარალა, რომლის აქციებიც, 34 პროცენტით გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ დონემდე დაეცა. 28 პროცენტით დაეცა კომპანია „სანდს ჩაინას“ აქციების ფასი. საერთო ჯამში, გასართობ ბიზნესში მომუშავე კომპანიებმა, 109 მილიარდი ჰონკონგური დოლარი (დაახლოებით 14 მილიარდი ამერიკული დოლარი) დაკარგეს.