ინტერვიუ წლის კაცთან

Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!

საპატიო ოქროს საჭე წელს Tesla-ს შეფ ელონ მასკს გადაეცა - პიროვნებას, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ბოსია თანამედროვე ავტოინდუსტრიაში. წარმოშობით სამხრეთ აფრიკელ მასკს Tesla-ს ქარხანაში, ფრიმონტში, სან ფრანცისკოსთან ახლოს შევხვდით. ელონი ოთახში ჭიქა წყლით ხელში შემოვიდა.

- ამბობენ, ელონ მასკი დღეში რამდენიმე ლიტრ ყავას და დიეტურ კოკა-კოლას სვამსო, აქ კი წყლით მოხვედით...

- ჰო, მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი. დღეში რვა ქილა კოკა-კოლა და რამდენიმე ჭიქა ყავა ზედმეტად ბევრი კოფეინია. ეს იმ დროს იყო, როცა კვირაში 100 საათზე მეტს ვმუშაობდი.

- ახლა კვირაში 37,5 საათს მუშაობთ?

- არა, მთლად ასეც არაა. კვირაში დაახლოებით 80-85 საათს ვმუშაობ.

- როგორია ელონ მასკის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?

- 7 საათზე ვდგები. საუზმისთვის დრო იშვიათად მაქვს ხოლმე. უმეტესად ჭიქა ყავით ვკმაყოფილდები. დღის განმავლობაში უამრავი საქმიანი შეხვედრა, მოლაპარაკება და კონფერენცია მაქვს. ჩემი სადილი უმეტესად 5-წუთიანი ლანჩია და ისიც მოლაპარაკების დროს. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ღამის პირველ საათზე ვიძინებ.

- თქვენი კომპანიებისთვის სხვადასხვა დღეები გაქვთ გამოყოფილი?

- დაახლოებით. ორშაბათი Space-X-ის დღეა. სამშაბათს და ოთხშაბათს პალო ალტოში ვარ ხოლმე, ანუ, Tesla-ში. ხუთშაბათს და პარასკევს Tesla-ს დიზაინის ცენტრში ვმუშაობ, რომლის ოფისიც ლოს ანჯელესშია. ვცდილობ, რომ შაბათი და კვირა შვილებთან ერთად გავატარო.

ელონ მასკს პირველი ქორწინებიდან 2 და 3 ტყუპი ჰყავს. როგორც ხედავთ, ელონს გენში აქვს იმის ნიჭი, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს. საკითხებს, რაც სხვებისთვის შეიძლება შეუძლებელი იყოს, ელონ მასკი ასე უდგება: ”მე ამასაც შევძლებ”

- თქვენი იდეებიდან რამდენის განხორციელება მოახერხეთ?

- სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იდეა განვახორციელე. დრო ძალიან ცოტაა, თავში კი ძალიან ბევრი რამ მიტრიალებს. ამიტომაც გავათავისუფლე Tesla-ს პატენტი. მიხარია, როცა ჩემს ხედვებზე სხვებიც მუშაობენ.

- რა არის ამჟამად Tesla-ს მთავარი გამოწვევა?

- ახლახან Model S გავაუმჯობესეთ. ჩვენმა მთავარმა გმირმა 700-ცხენისძალიანი ძრავა და სრული ამძრაობა მიიღო. გაისად ჩვენი პირველი SUV-ის, Model X-ის წარმოება იწყება. სამი წლის შემდეგ კი გამოვა მესამე Tesla, რომლითაც უკვე მასობრივი ავტომწარმოებელი გავხდებით. ეს იქნება ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 35 000 დოლარი ეღირება. პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობთ სრულყოფილ ავტოპილოტზე.

- ავტოპილოტიან მანქანებზე არაერთი მწარმოებელი და თვით ”გუგლიც” მუშაობს...

- მიუხედავად მცდელობებისა, ეს თემა მაინც გაყინული იყო და ყინული ”გუგლმა” გაალღო. მაგრამ ჩვენ, როგორც ყოველთვის, სულ სხვა რამეს მოვიფიქრებთ და ამ თემას ახლებურად წამოვწევთ. თუმცა აუცილებლად გამოვიყენებთ ისეთი კომპანიის გამოცდილებას, როგორიცაა Bosch.

- Model X-ს უკანა კარები ფრთების სტილში აქვს. ეს როგორ მოგივიდათ თავში?

- ადრე ორ ავტომობილზე ვოცნებობდი და ვერცერთის ყიდვას ვერ ვახერხებდი. ეს იყო ”დაფრთიანებული” Mercedes SL და Jaguar E. ვფიქრობ, თქვენს კითხვას ვუპასუხე.

- ”იაგუარი” ხომ იყიდეთ?

ჰო, ეს იყო პირველი ოცნება, რომელიც ავისრულე და ეს სიამოვნება 40 000 დოლარი დამიჯდა. ეს გახლდათ 1967 წელს გამოშვებული E-Type-Roadster, რომელიც 35 000 დოლარად შევიძინე. ძალიან ამაყი და ბედნიერი გახლდით, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა - ”იაგუარი” გზაშივე გაფუჭდა... დღეს ამ მანქანას, რა თქმა უნდა, არაფერი უჭირს და ჩემს ფარეხში დგას. მის გვერდითაა Ford Model T და ეს არის ორად-ორი ავტომობილი ჩემს გარაჟში, რომლებსაც შიგა წვის ძრავები აქვთ.

იხილეთ სტატია სრულად