ეგვიპტეში ფარაონ ჯოსერის პირამიდის 15-წლიანი რესტავრაცია დასრულდა

ეგვიპტის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს წარუდგინა ფარაონ ჯოსერის განახლებული პირამიდა, რომლის რესტავრაციაც 15 წელი გრძელდებოდა. სამხრეთით მდებარე პირამიდის განახლების სამუშაოები 2006 წელს დაწყებულა.

პროექტი ლაბირინთის მიწისქვეშა კორიდორების გამაგრებას, რელიეფურ გამოსახულებათა და კერამიკული ფილების დეკორის გასუფთავებას, ასევე განათების დაყენებას ითვალისწინებდა.

რესტავრაცია ასევე მოიცავდა ფარაონ ჯოსერის მუმიის მოძებნას, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ის სხვაგან არის დაკრძალული. ან მკვლევარებს დიდი ხნით ადრე, მძარცველებმა დაასწრეს.

„ჯოსერს ორი საფლავი უნდა ჰქონოდა. მათგან ერთი სამხრეთისაა, მეორე კი, უშუალოდ სამეფო საფლავი. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, სამხრეთის საფლავი, მისი შინაგანი ორგანოებისთვის იყო განკუთვნილი, ზოგი კი ფიქრობს, რომ სამხრეთის საფლავს სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა“, - ამბობს ეგვიპტის სიძველეების საბჭოს გენერალური დირექტორი მუსტაფა ვაზირი.

მიჩნეულია, რომ ჯოსერის პირამიდა, მსოფლიოში ქვის ყველაზე ძველი ნაგებობაა. მის რესტავრაციაზე 6.5 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ფარაონი ჯოსერი, მესამე დინასტიის დამაარსებელია და ის დაახლოებით 5 000 წლის წინათ მეფობდა.