ბრიტანულმა OneWeb-მა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის ბაიკანურიდან 34 თანამგზავრი გაუშვა

ბრიტანულმა ფირმა OneWeb-მა ყაზახეთის კოსმოდრომიდან ორბიტაზე 34 თანამგზავრი გაუშვა, რის შემდეგაც თავისი ორბიტალური დაჯგუფება 322 ხომალდამდე შეავსო. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Reuters-მა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, თანამგზავრები კოსმოდრომ ბაიკანურიდან გუშინ გვიან ღამით აფრინდნენ. მთლიანობაში OneWeb დედამიწის ორბიტაზე 648 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რათა მაღალსიჩქარიანი გლობალური ინტერნეტკავშირი ჩაუშვას და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე, მათ შორის, შორეულ კუთხეებშიც გააფართოვოს.

თანამგზავრების გაშვება Arianespace-მა განახორციელა, რაც OneWeb-ს საშუალებას აძლევს, ჩრდილოეთის ნახევარსფეროში მუშაობა წელსვე დაიწყოს, ხოლო გლობალური მომსახურების შეთავაზებაზე მომავალ წელს გადავიდეს.

OneWeb-მა თანამგზავრების გაშვება დეკემბერში მას შემდეგ განაახლა, რაც ბრიტანეთის მთავრობისა და ინდური კომპანია Bharti Enterprises-ის კონსორციუმისგან 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია მიიღო და გაკოტრებას გადაურჩა. ინდური კომპანიის გარდა, OneWeb-მა დამატებითი დაფინანსება Eutelsat Communications-ისა და იაპონიის Softbank-ის მხრიდანაც მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ