გერმანიის ბიუჯეტში ძაღლების მეპატრონეების დაბეგვრით 159 მლნ ევრო შევიდა

გერმანიაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ძაღლების მფლობელებისგან აკრეფილმა საგადასახადო შემოსავალმა ხაზინაში 159 მლნ ევრო შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.4%-ით მეტია. მონაცემები ქვეყნის სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა, რასაც Deutsche Welle (DW) ავრცელებს.

2020 წელს გერმანიის ხაზინაში ძაღლების მფლობელების დაბეგვრისგან 380 მილიონი ევრო შევიდა. 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს ძაღლების ყოლაზე შეგროვებული გადასახადების ოდენობა 2.7%-ით გაიზარდა.

DW-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველების რაოდენობა პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა, გერმანიაში საგადასახადო შემოსავლების აღმავალი ტენდენცია კიდევ უფრო ადრე დაფიქსირდა. გერმანელი სტატისტიკოსების მონაცემებით, 2010 წელს ბიუჯეტმა ძაღლების მფლობელების დაბეგვრით 258 მლნ ევრო მიიღო.

გერმანიაში ძაღლის სახლის მფლობელმა ის საგადასახადო ოფისში თავისი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე უნდა დაარეგისტრიროს. გადასახადის ოდენობა ქალაქის ან დაბის მიხედვით განსხვავდება, ხოლო მებრძოლ ძაღლებზე ბევრ ქალაქში გადასახადი უფრო მაღალია.

თუ მფლობელს რამდენიმე ძაღლი ჰყავს, გადასახადი თითოეულზე ცალ-ცალკე უნდა გადაიხადოს, რაც წინასთან შედარებით, ყოველ მომდევნო ძაღლზე უფრო მეტია.

კატების მფლობელებს უფრო გაუმართლათ და ისინი გერმანიაში გადასახადებისგან ჯერჯერობით თავისუფლდებიან. ქვეყანაში, დაახლოებით, 35 მილიონი ძაღლი, კატა, ზაზუნა და სხვა შინაური ცხოველია აღრიცხული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ