დიდ ბრიტანეთში მილიონზე მეტი ვაკანსია დაფიქსირდა - ბიზნესი  მთავრობას უცხოელი მუშახელის დაქირავებაში დახმარებას სთხოვს

დიდ ბრიტანეთში ვაკანსიების რაოდენობამ 249 000-დან 1 მილიონ სამუშაო ადგილს გადააჭარბა, რაც მონაცემთა რეგისტრაციის დაწყებიდან პირველად მოხდა.

Politico ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS) მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ივლისსა და აგვისტოში უმუშევრობის დონე დიდ ბრიტანეთში 4.6%-მდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 241 ათასით გაიზარდა. COVID-19-ის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ პანდემიამდელ დონეს მიაღწია.

მიუხედავად ამის, ივნისიდან აგვისტომდე რეგისტრირებული ვაკანსიების რაოდენობამ 1,034,000 სამუშაო ადგილი შეადგინა. სასტუმროების და კვების სექტორის ვაკანსიების რაოდენობა 75,4%-ით გაიზარდა.

COVID-19-ის პანდემიის დროს ევროკავშირიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, წამყვანი დარგები პერსონალის უკმარისობას უჩიოდნენ. ბრიტანეთის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ ვაკანსიების რეკორდული რაოდენობა დასაქმების მწვავე კრიზისზე მიანიშნებს, რომლის წინაშეც ბევრი კომპანია დგას. ბიზნესის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მთავრობამ ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებს უცხოელი მუშახელის დაქირავებაში ხელი შეუწყოს და კომპანიებს ეს პროცესი შედარებით გაუადვილოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ