სამეზობლოში თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება

საქართველოში ფასების დონის ზრდის ტემპი ისევ მაღალია. ამის ნათელი დადასტურებაა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდის ტემპი საქართველოში უკანასკნელი 10 წლის მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მიზანი კი არის ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს. ქვეყანაში ინფლაცია 12.8% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:

  • ტრანსპორტი - ზრდა 22.5%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 16.2%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 12.6%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 11.7%

უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.25% შეადგინა. ხოლო, იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 29%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები- ზრდა 22.91%
  • ტრანსპორტი - ზრდა 21.76%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 21.48%

აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა. კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 6% შეადგინა. რუსეთში კი, წლიური ინფლაცია 6.7%-ით განისაზღვრა.

სომხეთში ფასების დონის ზრდა 8.8% იყო. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა, მათ შორისაა:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 15.1%
  • ტანსაცმელი- ზრდა 10.3%
  • ტრანსპორტი- ზრდა 10%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 9.3%
ნოდარ სირბილაძე