PepsiCo გარემოსდამცველების კრიტიკის შემდეგ პლასტმასის გამოყენებას ამცირებს

კვების პროდუქტებისა და სასმელების გიგანტი, PepsiCo პირველადი პლასტმასის გამოყენებას შეამცირებს და ამასთან, SodaStream გაზიანი წყლის ბიზნესს გააფართოვებს, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფორმატში მოხდება. თუმცა, Reuters-ის ცნობით, გარემოსდამცველებს სურთ, რომ კომპანიამ უფრო მეტი გააკეთოს.

კომპანიის ახალი ინიციატივა, pep+ მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ყველა თავისი ბრენდისთვის პირველადი პლასტმასის განახევრებას, ხოლო დარჩენილ პლასტმასის შეფუთვებში გადამუშავებული მასალის 50%-ით გამოყენებას. ამასთან, კომპანია Beyond Meat-თან პარტნიორობით, PepsiCo ჯანსაღ საკვებზე ფოკუსირდება და მცენარეულ ცილოვან სასმუსნავებს გამოუშვებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, რამონ ლაგუარტას თქმით, Beyond Meat-თან ერთად თავისი პირველი პროდუქტის გამოშვებას PepsiCo 2022 წლის დასაწყისში გეგმავს.

ასეთი ნაბიჯები იმიტომ გადაიდგა, რომ PepsiCo და მისი კონკურენტი, Coca-Cola გარემოსდაცვითი გლობალურ პოლიტიკის სამიზნეები გახდნენ, რადგან ყურადღებას დიდი რაოდენობით წარმოებული ერთჯერადი პლასტიკური ნარჩენებით იქცევენ. ეს კომპანიები არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება Break Free From Plastic-ის „მსოფლიოს უმსხვილესი დამაბინძურებლების“ სიაშიც მოხვდნენ, რომელიც ბოლო სამი წლის პერიოდს ეხება.

Greenpeace-ის თანახმად, PepsiCo ყოველწლიურად 2,3 მლნ ტონა პლასტმასს იყენებს, ხოლო Coca-Cola-ს 100 მილიარდზე მეტ ერთჯერად პლასტმასის ბოთლზე ეკისრება პასუხისმგებლობა. PepsiCo მიზნად ისახავს, რომ 2025 წლისთვის შესაფუთი მასალის 100% მეორადი გადამუშავებისთვის გამოიყენებოდეს, იყოს კომპოსტირებული ან დეგრადირებადი.

pep+ ამბიციური გეგმა, ასევე, SodaStream ბიზნესის გლობალურ გაფართოვებას მოიცავს. ეს კომპანია PepsiCo-მ 2018 წელს შეიძინა, რომელიც სპეციალურ მანქანებსა და მრავალჯერად ცილინდრებს აწარმოებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაზიანი სასმელი სახლის პირობებში დაამზადოს. ბრენდი ამჟამად 40 ქვეყანაში მუშაობს, ხოლო 2022 წლისთვის დამატებით 23 ბაზარზე ახალი არომატის პროდუქციასა და თავის ახალ პლატფორმა SodaStream Professional-ს წარადგენს. SodaStream Professional-ის მიზანი ბიზნესის დამატებით 10 ბაზარზე დაწყებაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ