არის თუ არა კომერციულ ბანკებს შორის კონკურენცია - კობა გვენეტაძის განმარტება

შეიძლება თუ არა ბანკებს შორს კონკურენციაზე საუბარი მაშინ, როდესაც ბაზარზე მოქმედი 15 ბანკიდან მხოლოდ 3 არის სისტემური, აქედან ორზე მოდის ფინანსური ბაზრის 85 %, მესამე სისტემურზე, დაახლოებით, 5%, დანარჩენი 10% კი - 12 ბანკზე. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

როგორც მან წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის მაღალი კონცენტრაცია, რაც არ ნიშნავს, კონკურენციის არარსებობას

„აბსოლუტურად შეიძლება კონკურენციაზე საუბარი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა არის კონკურენტული. თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს არის მაღალი კონცენტრაცია და საქართველოს საბანკო სისტემა ასეთად ჩამოყალიბდა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ეს პროცესი და ამაზე დიდ ხანს შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მაღალი კონცენტრაცია, ისევე, როგორც ფინანსურ ლიტერატურაში, ასევე, პრაქტიკაში, არ ნიშნავს კონკურენციის არარსებობას. მაგალითად, პორტფელი რომ ავიღოთ, სამ დიდ ნაწილად იყოფა, ეს არის კორპორატიული, მცირე და საშუალო საწარმოები და შემდეგ უკვე მოდის ფიზიკური პირები, სამომხმარებლო სესხები და ა.შ. როდესაც კორპორატიულ სექტორზე ვსაუბრობთ, იქ კონკურენცია პირველ ორ ბანკს შორის არის, სიდიდით, აქტივობის მიხედვით და ამ შემთხვევაში, შედარებით პატარა ბანკები ვერ ჩაუდგებიან. მაგრამ, თუ შევხედავთ, მეორეს და მესამეს, დანარჩენი ბანკების წილი უკვე დაახლოებით, 35%-ა და მართლა ძალიან დიდია კონკურენცია. გარდა ამისა, როდესაც კონკურენციაზე ვსაუბრობთ, აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კონკურენციაზე მეტყველებს საპროცენტო განაკვეთების სპრედი. არის ასეთი მაჩვენებელი, ანუ განსხვავება დეპოზიტებსა და სესხებს შორის. ესეც გრძელვადიანი მაჩვენებელია და ამ პერიოდში უნდა შევხედოთ, საგრძნობლად არის შემცირებული, დაწყებული 2008- 2009 წლებიდან, რაც ნიშნავს, რომ სესხები უფრო დაბალ პროცენტებში გაიცემა. ახლა შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე წელი, სადაც უფრო გადიდებულია, მაგრამ ეს დამოკიდებულია საპროცენტო განაკვეთებზე და იმ მოვლენებზე, რომელიც ამ პერიდოში მიმდინარეობს",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ნინი ქეთელაური