TikTok-მა სუიციდის თავიდან ასაცილებლად ახალი ფუნქციები დააანონსა

TikTok-მა ფუნქცათა ნაკრების ჩაშვება დააანონსა, რომელიც მომხმარებლებს ფსიქიური პრობლემების დაძლევასა და თვითმკვლელობაზე ფიქრის გადალახვაში დაეხმარება.

BBC-ის ინფორმაციით, ახალი ფუნქციები კეთილდღეობის გზამკვლევს შეიცავს და იმ ადამიანების მხარდაჭერასაც გულისხმობს, რომლებიც კვების დარღვევებს ებრძვიან. თუ მომხმარებლის საძიებო ველში სიტყვა „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა, ე.წ. საძიებო ინტერვენციის ფუნქცია მას ფსიქოლოგიური მხარდაჭერის რესურსებზე გადაიყვანს.

TikTok-მა ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როცა კონკურენტი პლატფორმა Instagram მომხმარებლის კეთილდღეობაზე გავლენას აფართოებს და უახლესი კვლევების ობიექტი ხდება.

„ჩვენ გულმოდგინედ ვზრუნავთ ჩვენს საზოგადოებაზე და ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს, რომლის დახმარებითაც მომხმარებელთა კეთილდღეობას გავზრდით, ამიტომაც ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რათა ადამიანებმა TikTok-ზე რესურსები იოლად მოიძონ“,- წერია კომპანიის განცხადებაში.

ახალი რესურსები, რომელიც, კომპანიის მტკიცებით, მალე მთელ მსოფლიოში ჩაეშვება, მოიცავს გაფართოებულ სახელმძღვანელოს კვების დარღვევის შესახებ და ფუნქციას, რომელიც პოტენციურ თვითმკვლელებს Crisis Text Line-ის მხარდაჭერის რესურსზე გადაამისამართებს.

TikTok-ი ისევე, როგორც სოციალური ქსელების კონკურენტი პლატფორმები, მარეგულირებლების მხრიდან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ არის, თუ რა გავლენას ახდენს მომხმარებლებზე, განსაკუთრებით კი მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულმა Education Policy Institute-ისა და The Prince's Trust-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ სოციალური მედიის ინტენსიური გამოყენების შედეგად, მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა დაზიანებულია. კვლევაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდების ფსიქიკური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, ეს ნეგატიურმა კეთილდღეობამ და თვითშეფასებამ გამოიწვია, ხოლო დეპრესიასა და უიმედობის განცდას სულ უფრო მეტი გოგონა განიცდის.

TikTok-ის განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ Instagram-ს მოზარდი მომხმარებლების ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე გარკვეულ სიტუაციებში თავისი პლატფორმის დამაზიანებელი გავლენა არაერთხელ გამოუმჟღავნებია. როგორც გაზეთი წერს, Instagram სულ ცოტა, ორი წელია, რაც ახალგაზრდა მომხმარებლების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე თავისი პლატფორმის ზეგავლენას სწავლობს და მისმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი თინეიჯერი გოგონებისთვის პლატფორმა მავნეა. Instagram-მა თავისი ვრცელი განცხადებით გაზეთის მიერ მოპოვებული კვლევის შედეგები დაადასტურა, თუმცა შენიშნავს, რომ „ნეგატიური სურათის შექმნის მიზნით, სტატიაში მთლიანი კონტექსტიდან ამოგლეჯილი შედეგები არის მოყვანილი“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ