საქართველოში ფისტის პირველ მოსავალს ელოდებიან

სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფისტის ექსპერიმენტული პლანტაციიდან პირველ მოსავალს აიღებენ. დედოფლისწაყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანის 47 ჰექტარ ფართობზე მოყვანილი მოსავლის ზომა 20-22 მმ იქნება, რაც ახალი ნერგებისთვის კარგი შედეგია. ამის შესახებ EastFruit-ს ფერმერმა, ბესო თევდორაძემ განუცხადა.

მან თავის პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ფისტის პლანტაცია 2018 წელს მოაშენა. მთლიანი ფართობის მესამედი ირანიდან შემოტანილი სხვადასხვა ჯიშის ფისტით არის დამყნობილი.

„მომავალ წელს ჩვენ რამდენიმე ტონა ე.წ. გრძელი ფისტის აღებას ველოდებით, ხოლო ბაღის სრულად მომწიფების შემდეგ, ერთმა ჰექტარმა 5 ტონა სველი ფისტა უნდა მოგვცეს. მომავალი მოსავლის რეალიზაციას ადგილზე ვგეგმავთ“, - განუცხადა EastFruit-ს ბესო თევდორაძემ.

"ტარიბანა - 2016" არის ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული ფისტის სანერგე მეურნეობა საქართველოში, რომელიც კომერციულ ბაღებს ნერგებით ამარაგებს. კომპანიის დახმარებით, ფისტა დედოფლისწყაროს რაიონის, დაახლოებით, 160 ჰექტარზე დაირგო, რაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ამ კულტურის გასაშენებლად.

"ტარიბანა-2016"-ში აცხადებენ, რომ სამხრეთ კახეთი და ქართლი მშრალი კლიმატითა და ნალექის ნაკლებობით გამოირჩევა, ამიტომ ფისტა აქ კარგად იმტვერება და სოკოვანი დაავადებებიც ნაკლებად ვრცელდება. "ტარიბანა-2016" ნერგების გაყიდვასთან ერთად, ფერმერებს აგრონომიულ დახმარებასაც უწევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც EastFruit-ი ავრცელებს, საქართველოში პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 300 ჰექტრამდე ფისტის ბაღი გაშენდა. ინვესტიციების მოცულობა 3.7 მლნ ლარს (1.18 მლნ დოლარს), ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტს (0,41 მლნ დოლარს) შეადგენს. შეღავათიანი სასოფლო-სამეურნეო კრედიტის მოცულობა 2,9 მლნ ლარს (0,93 მლნ დოლარს) აღემატება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ