ნავთობის ფასი 75 დოლარზე მაღლა რჩება

ნავთობის ფასი ბოლო შვიდი კვირის მაქსიმუმს მიუახლოვდა და შემდგომი კორექციის მიუხედავად, ბარელი მაინც 75 დოლარზე მეტი ღირს. გაძვირება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები მკვეთრად შემცირდა. იმავდროულად, ბაზარი მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების კვალად, ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის.

შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის საცავებში, მარაგი წინა კვირაში 6.4 მილიონი ბარელით შემცირდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ანალიტიკოსები თავიანთ პროგნოზებში ვარაუდობდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკის ოფშორულ მომპოვებელ ობიექტებზე, ქარიშხალ იდას გამო, მუშაობა შეწყვეტილი იყო. შეერთებული შტატები, მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მომპოვებელია და მისი მარაგების მონაცემები, ფასებზე ძლიერ ზემოქმედებს.

ოთხშაბათს ბრენტ მარკის ნავთობის ფასმა 76.13 დოლარს მიღწია, რაც 30 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დღეს ფასმა ოდნავ დაიკლო და 75.37 დლარზე ჩამოვიდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 72.57 დოლარი ღირს.

წელს ბრენტ მარკის ნავთობი 46 პროცენტით არის გაძვირებული. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაცია (OPEC) და მისი პარტნიორები, ბაზარზე მიწოდებას შეთანხმებულად ზღუდავენ. გარდა ამისა, შარშანდელი პანდემიური კოლაპსის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო, რაც ნავთობის მოხმარებას იწვევს.