საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი - „სულავას სადნობი საამქრო“-ს მოლოდინები

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერას განაგრძობს. მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბანკსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტი 15 ქართულ კომპანიას მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე კომპანიაა „სულავას სადნობი საამქრო”, რომელიც ლითონის დეკორატიული სამომხმარებლო ნაკეთობების წარმოებას ეწევა. კომპანია გასულ წელს შეიქმნა და მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სწორედ განვითარების საწყის ეტაპზე, მათთვის უმნიშვნელოვანესია მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება.

„ვინაიდან ჩვენი კომპანია მხოლოდ ახლა იწყებს ოპერირებას და წარმოების საწყის სტადიაზეა, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა მარკეტინგის სწორად განსაზღვრა და ლოჯისტიკის ეფექტური მენეჯმენტია“, - ამბობს ზვიად სულავა, „ჩვენი ამოცანაა წარმოებული პროდუქცია თანაბრად მიმზიდველი იყოს როგორც ესთეტიური, ისე ფუნქციონალური თვალსაზრისით. USAID-ისა და საქართველოს ბანკის გამოცდილ გუნდებთან კომუნიკაცია გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილებები“.

მონაწილე კომპანიები პროექტის ფარგლებში ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებებით ესწრებიან. ერთ-ერთი მიმართულება ფინანსური განხრაა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ზვიად სულავასთვის. „ჩვენს სამომავლო გეგმებში წარმოებისა და ასორტიმენტის გაფართოებას, ხოლო შემდგომში პროდუქტის ექსპორტზე გატანას მოვიაზრებთ. ფინანსური მიმართულების ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ექსპერტების მიერ გაზიარებული გამოცდილება დაგვეხმარება უფრო დავაჩქაროთ პროცესები და მალე მივაღწიოთ დასახულ მიზნებს“, - ამბობს სპიკერი.

"საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მათ გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა ბანკსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას, ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას", — აცხადებს ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარულები ვართ რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა დავიწყეთ საქართველოს ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და მათი ბიზნესის განვითარების მიმართულებით. BizLink კლინიკის ინიციატივის საშუალებით USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას“ - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, პროგრამა იმ ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი, ვისი საქმიანობაც მოიცავს: სამშენებლო მასალების; ავეჯის / სათამაშოების წარმოებასა და დიზაინს; მყარი ნარჩენების გადამუშავებას; შესაფუთი მასალების/ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

(R)