ნავთობზე ფასი კვლავ მინიმუმამდე დაეცა

5 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ”ბრენტის” მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 55,5 დოლარი შეადგინა.

ნავთობის ფასი ასეთ დაბალ მაჩვენებელზე ბოლოს ექვსი წლის წინ იყო - 2009 წელის მაისში მსოფლიო ბაზარზე ეს მაჩვენებელი 55,36 დოლარს უდრიდა. 1,80%-ით შემცირდა თებერვლის ფიუჩერსების ფასი WTI-ის მარკის მსუბუქ ნავთობზე და 51,74 დოლარი შეადგინა.

”თუ ჩინეთის, იაპონიისა და ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობას შევხედავთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე მოთხოვნა დიდი იქნება”, - განაცხადა უმსხვილესი საბროკერო ფირმა Newedge Japan-ის მენეჯერმა იუსუკი სეტამ.

ნავთობზე ფასის ვარდნა ნეგატიურად აისახება იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე. გასული წლის განმავლობაში ნავთობზე ფასი 45%-ით დაეცა.