საქართველოში მიკრო ბანკები გაჩნდება

საქართველოში მიკრო ბანკები გაჩნდება.

ამის შესახებ, პარლამენტისთვის გადაგზავნილ მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, შესაბამისი კანონპროექტი, რომლის მიზანსაც საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა წარმოადგენს, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის.

„კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობა, კონკურენციის ზრდა და საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ასევე, საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და ფინანსური ჩართულობის ზრდა, განსაკუთრებით სოფლად. მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად, ხელი შეეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გაიზრდება საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება.

დამატებით, აღნიშნული ცვლილების ფარგლებში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, კერძოდ, დაიხვეწება და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები, საბანკო ლიცენზირებისა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის პრინციპები და მოთხოვნები. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შედეგად უფრო სრულყოფილად და სიღრმისეულად წარიმართება ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმების, კომერციული ბანკის ლიცენზირებისა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის პროცესები.

აღსანიშნავია, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილებების გარკვეული ნაწილი, მიკრო ბანკების ჩარჩოს კონტექსტისა და სპეციკურობების გათვალისწინებით, „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტშიც აისახა. ამასთან, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართელოს ორგანულ კანონში ცვლილებით, დამატებით, მოწესრიგდება საზედამხედველო სუბიექტების ლიკვიდაციის ხარჯების დაფარვის საკითხი, როდესაც ამ სუბიექტს თავად არ გააჩნია საკმარისი თანხა. გამომდინარე კანონპროექტების მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებითა და ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის და მისი აღსრულებისათვის შესაბამისი მექანიზმების შექმნის მიზნით ,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

თაია არდოტელი