ყაზახეთის პარლამენტმა სოციალური მედიის ცენზურის კანონპროექტი დაამტკიცა

ყაზახეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სოციალური ქსელებისა და შეტყობინების აპლიკაციების უცხოურ კომპანიებს ქვეყანაში ოფისების გახსნას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიბერბულინგის კამპანიის ფარგლებში დაიბლოკებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაში პირველი მოსმენით გავიდა, ერთის მხრივ, ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, თუმცა სოციალური მედიისა და მესენჯერ-აპლიკაციების დებულებებსაც შეიცავს, რასაც ზოგიერთი კრიტიკოსი ონლაინ კომენტარებზე ცენზურის ინსტრუმენტად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს სენატი და პრეზიდენტი დაამტკიცებენ, ის ამგვარი აპლიკაციების მფლობელებს სახელისუფლო ორგანოებში დარეგისტრირებასა და ოფისების გახსნას დაავალდებულებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონი არალეგალური კონტენტის ქსელიდან ამოღებას გაამარტივებს.

კანონპრექტის თანახმად, ადგილობრივ ოფისებს ყაზახეთის მოქალაქეები უნდა ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც პირადად იქნებიან პასუხისმგებელი კიბერბულინგად მიჩნეული პოსტების ქსელიდან ამოღებაზე, მათი გავრცელებიდან 24 საათის განმავლობაში.

ივლისში ცენტალური აზიის ამ სახელმწიფოში, სადაც 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, Microsoft-ის შვილობილი კომპანია LinkedIn დროებით დაიბლოკა, რის მიზეზადაც ონლაინ კაზინოს რეკლამა და ყალბი ანგარიშები დასახელდა. ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კონტენტის გასუფთავების მოთხოვნას LinkedIn აიგნორებდა.

„ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ნავთობის მსხვილი ექსპორტიორია, კანონი შესაძლოა, ხელისუფლებისთვის ნებისმიერი არასასურველი კონტენტის დასაბლოკად გამოიყენონ“, - წერს Reuters.

„რომელ ბავშვებს დაიცავს ეს წესები? ალბათ, მხოლოდ დეპუტატებისა და სახელმწიფო მოხელეების ბავშვებს და თანაც მხოლოდ ბლოგერებისა და ჟურნალისტების გამოძიებებისგან“, - წერს Facebook-ზე ყაზახეთში დაფუძნებული ჟურნალისტიკის ცენტრის, MediaNet-ის ხელმძღვანელი, ადილ ჯალილოვი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ