„უკვე მეორედ მიწევს სესხის გადავადება და კიდევ დამატებით, 60 ათასი ლარის გადახდა“ - Hotel Mountain Mestia ისევ იყიდება

Hotel Mountain Mestia ისევ იყიდება. როგორც ობიექტის მეპატრონე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ზაფხულის სეზონზე მიღებული შემოსავალი, ბანკიდან აღებული სესხის გადასახდელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, სასტუმროს გაყიდვის საკითხი, კვლავ აქტუალური გახდა.

ცნობისთვის, Hotel Mountain Mestia რამდენიმე თვის განმავლობაში იყიდებოდა, ამის მიზეზი პანდემიით მიყენებული ზარალია. თუმცა, ინვესტორების გამოჩენამდე, მეპატრონემ მუშაობა საკუთარი ძალებით განაახლა.

როგორც ნათია ნაცარაშვილი ამბობს, ბანკის ვალი ერთხელ უკვე გადავადდა, ყოველ მომდევნოზე კი - 60 ათასი ლარი, პროცენტის სახით ემატება. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება რისკი, რომ სასტუმროსთან ერთად, მთელი ქონება დაკარგოს.

იმისთვის, რომ სასტუმრო არ გაყიდულიყო, ნათია ნაცარაშვილი ამბობდა, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობდა, პირველი, სახელმწფოს ჩართულობით ბანკთან შუამდგომლობა, რომ ვალის გადავადება პროცენტის დარიცხვის გარეშე მომხდარიყო და მეორე - უცხოელი ვიზიტორების წყალობით, სასტუმროს მთელი დატვირთვით ამუშავება.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უცხოელი ტურისტების ნაკლებობამ და დაბალმა ფასებმა, სასტუმროს ბედი ისევ ინვესტორების გადასაწყვეტი გახადა.

„გაყიდვა ისევ აქტუალურია, იმიტომ რომ ვერ გადავიხადეთ ბანკის ვალი. განახევრებული ფასებით ვმუშაობდით, რასაც დაემატა ის, რომ უცხოელი ვიზიტორები ძალიან ცოტანი იყვნენ. ახლა გადავადებას ვაკეთებთ ისევ. ანუ უკვე მეორედ მიწევს სესხის გადავადება და კიდევ დამატებით, 60 ათასი ლარის გადახდა. ამიტომ, ხარჯმა რომ არ გადააჭარბოს ღირებულებას, მაინც გაყიდვა გვიწევს...“- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Hotel Mountain Mestia 2,9 მლნ ლარად იყიდება. სასტუმრო 3-სართულიანია და 21 ნომერია განთავსებული. დასაქმებული კი 14 ადგილობრივია.

115721441-2765691737008771-5367909579323746943-n-1625648202-1631874758.jpg

110887686-2765691637008781-4097502794630817718-n-1625648182-1631874774.jpg

ნინი ქეთელაური