,,ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული, 300 დოლარი უკვე გადალახა“- როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე

მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იზრდება.

ტენდენციის ასახვას საქართველოში 1 თვის შემდეგ უნდა ველოდოთ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლევან სილაგავას თქმით, ახლა გაძვირების ასახვას ხორბლის მარაგები აზღვევს.

,,სამწუხაროდ, ფქვილზე ფასები მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია, თუმცა, ჩვენ ორ თვიანი მარაგებით ვმუშაობთ. ამიტომ, საშუალო შეწონილი ფასით ვმუშაობთ და ჯერ საქართველოში დრამატული გაძვირება არ ყოფილა. მსოფლიო ბაზარზე ბოლო ანალიტიკის შედეგად, რომელსაც აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს მსოფლიოს ხორბლის იმპორტიორი ძირითადი 8 ქვეუნიდან, 7-ს მარაგები შეუმცირდა. მათ შორის, გეოგრაფიულად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო რუსეთს,მოსალოდნელი მოსავლის მოცულობა ყველაზე მეტად 10 ტონით შეუმცირდა აგვისტოს ანალიტიკის მიხედვით. ეს საკმაოდ ძლიერი შემცირებაა და იმოქმედა ბირჟებზე. მარაგები შეუმცირდა ჩვენთვის საინტერესო სხვა ქვეყნებს, უკრაინას და ყაზახეთსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც 90%-ით იმპორტ დამოკიდებული ქვეყნა ველოდებით ფასის მატებას.

მსოფლიო ბირჟებზე კი, ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული 300 დოლარი უკვე გადალახა, როგორც ევროპაში ასევე რუსეთში. ეს ტენდენცია სამწუხაროდ მიმდინარეობს. სავარაუდოდ ფქვილის ფასის ეს მატება ერთ თვეში, ან ცოტა მეტში მოხდება. ასეთი კორელაციაა ხოლმე, როცა ფქვილის ფასი ძვირდება ჩვენს ბაზარზე მისი კორელაცია ერთ თვეში ხდება, თუ სხვა ფაქტორებმა არ იმოქმედა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა ბოლო თვეების განმავლობაში, დასტაბილურებული ლარი.

ახლა სიტუაცია ასეთია, რუსეთს აქვს შემოღებული მცურავი საექსპორტო ბაჟი, რაც ამ მომენტისთვის 52 დოლარი როცა წინა კვირაში 49 დოლარი იყო, ივლისის დასაწყისში კი 25 დოლარი იყო“- განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ფქვილის გაძვირების მოლოდინის და პურის შემადგენელი სხვა კომპონენტების გაძვირების გამო პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის ფასის გადახედვა ოქტომბრამდე არ იგეგმება. შემდეგ კი შესაძლოა, ასოციაციამ ხელისუფლებას სუბსიდირებისთვის კვლავ მიმართოს.

თამარ მუკბანიანი