აგვისტოში 182.1 ათასი დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა - ძირითადი მიმართულება ისევ რუსეთია

აგვისტოში საქართველოდან 182.1 ათასი დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა ორი წლის აგვისტოს ექსპორტს თითქმის ორჯერ აღემატება.

EastFruit-ის მონაცემებით, ექსპორტზე მთლიანად 182 ტონა ვაშლი გავიდა, ძირითად მიმართულებას კი ისევ რუსეთი წარმოადგენდა. ექსპორტიორებმა FOB მომსახურების ანუ მიწოდება-დატვირთვის სანაცვლოდ ტონაზე 640 დოლარი მიიღეს.

„აგვისტოში ექსპორტის შედარებით მაღალი მოცულობის მიუხედავად, ფერმერები არც ისე კმაყოფილი არიან რუსეთის ბაზრის ამჟამინდელი მოთხოვნილებითა და ფასებით“, - წერს EastFruit, რომელიც აგვისტოს დასაწყისში რუსულ ბაზარზე ქართულ ვაშლზე დიდ მოთხოვნას იმით ხსნის, რომ რუსეთში მაშინ მოსავლის აღება ჯერ არ იყო დაწყებული, თუმცა ახლა რუსეთს თავისი ვაშლიც საკმარისად აქვს, რადგან წელს კარგი მოსავალი ჰქონდა.

პორტალის მონაცემებით, შიდა ქართლში ვაშლის საექსპორტო ჯიშების მოკრეფა, სადაც მთლიანი მოსავლის დაახლოებით 80% მოდის, აგვისტოს ბოლოს იწყება, მანამდე კი საექსპორტო ვაშლის კრეფა, შედარებით რბილი კლიმატის გამო, ქვემო ქართლის რეგიონში იწყება. ქვემო ქართლში ვაშლის მხოლოდ რამდენიმე კომერციული მწარმოებელია. ფერმერები ადასტურებენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ექსპორტზე ისეთი ადრეულ ჯიშები გაიტანეს, როგორიც არის „გალა.“

მაგალითად, 40 ჰექტარი ფართობიდან ექსპორტზე 120 ტონა „გალას“ ვაშლი გავიდა და კილოგრამი ადგილზე 1,5 ლარად (0,48 დოლარად) გაიყიდა. თუმცა ქვემო ქართლში ამჟამად დარჩენილ ვაშლის სხვა ჯიშებზე ფასები შემცირებულია და ადგილზე ანუ ბაღებში კგ. 1,2 ლარად (0,39 დოლარად) იყიდება. აგვისტოს ბოლოდან შემცირდა ფასი შიდა ქართლშიც, სადაც „გალას“ ჯიშის ვაშლი ადგილობრივი ბაზრისთვის იმავე 1,2 ლარად იყიდება.

„როგორც ჩანს, აგვისტოში ექსპორტის ზრდა მიმდინარე სეზონის შესახებ ზოგადი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. ამის ზუსტი შეფასება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომდევნო თვეების ექსპორტის სტატისტიკის გათვალისწინებით“, - წერს EastFruit.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ