აშშ-ში ატმის ხის მომვლელი რობოტი გამოიგონეს

აშშ-ს ჯორჯიის შტატის ტექნიკური კვლევის ინსტიტუტში (Georgia Tech Research Institute-GTRI) ატმის ბაღებისთვის ხეების მოვლის რობოტი შექმნეს. ინფორმაციას პორტალი SEEDS ავრცელებს.

„ბაღის მოვლა მრავალ რესურსსა და მუშახელის ფიზიკურ შრომას მოითხოვს. დასაქმებულთა რაოდენობისა და შესაბამისი ხარჯების შესამცირებლად, ამ ბიზნესის მფლობელები ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ. არა მხოლოდ ხილის შემგროვებელი, არამედ უკვე ხეების მომვლელი რობოტებიც არსებობენ“, - წერს პორტალი.

GTRI-ის რობოტი ატმის ხეების მოვლაზე არის დაპროგრამებული. მას შეუძლია მცირე ტოტების გასხვლა და ასევე, ხილის გამოხშირვა, რაშიც რობოტს, ჩამონტაჟებული 3D კამერით, LIDAR ეხმარება. ბაღში რობოტის ორიენტაციას GPS სისტემა უზრუნველყოფს.

მართალია, რობოტი, ადამიანთან შედარებით, უხეშად მოქმედებს, მაგრამ GTRI-ის მეცნიერები მის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე კვლავ მუშაობენ: მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის სწავლება, რათა რობოტმა გასასხლავი ტოტები უკეთ გამოარჩიოს და დაადგინოს გამოსახშირი ატამი, რომელიც ისე უნდა მოწყვიტოს, რომ დანარჩენი ნაყოფი არ დააზიანოს. უმჯობესდება სხვა ტექნიკური ასპექტებიც.

დღეისთვის ასეთი ტექნიკის ფართოდ გამოყენება და წარმოება არ ხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ