2030 წლისთვის ხელოვნურმა რძის პროდუქტებმა შესაძლოა, ევროპის ბაზრის 10% დაიკავოს

გერმანული კომპანია Formo რძის პროდუქტების შესაქმნელად ძროხების ნაცვლად მიკროორგანიზმებს იყენებს. კომპანიაში პირობას დებენ, რომ 2030 წლისთვის ევროპის ბაზრის 10%-ს თავისი პროდუქტით ჩაანაცვლებენ.

„სტარტაპის გეგმები საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება, რადგან Formo-მ დიდი ქარხნის მშენებლობისთვის უკვე 50 მლნ დოლარის ინვესტიციის მიზიდვა მოახერხა“, - წერს SEEDS.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნამდვილ ყველს ამზადებენ, თუმცა ამისათვის ძროხებს, თხებს, ცხვარს ან სხვა ცხოველებს არ იყენებენ. ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია 2019 წლიდან, ფერმენტაციაში მდგომარეობს. ბაქტერიები შრატსა და კაზეინს წარმოქმნიან. მიღებულ ცილას მცენარეულ ცხიმებს, ნახშირწყლებსა და მარილს უმატებენ. ასე იღებს Formo ნედლეულს, რომელსაც ყველის დასამზადებლად იყენებს.

„ჩვენ რძის ინდუსტრიას ვავითარებთ, ოღონდ, მიკროორგანიზმებით და არა ძროხებით. ჩვენ რძის ცილების შესაქმნელად ზუსტი დუღილის ტექნოლოგიას ვიყენებთ. მიკროორგანიზმები იღებენ გენეტიკურ ინფორმაციას რძის ცილების სინთეზისთვის. ეს, ერთგვარად, ლუდის ხარშვის პროცესს ჰგავს, მაგრამ ალკოჰოლის ნაცვლად, ჩვენი მიკროორგანიზმები რძის ცილებს წარმოქმნიან. მათგან და ასევე, მცენარეული ცხიმების, მარილისა და ნახშირწყლებისგან კონცენტრატი მზადდება. ფერმენტაციის ტრადიციული მეთოდის გამოყენებით, კონცენტრატი ყველად გარდაიქმნება”, - ნათქვამია Formo-ს განცხადებაში, რომელიც ყველის წარმოებას ეხება.

კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ მიკროორგანიზმების დახმარებით შექმნილ ყველზე დიდი მოთხოვნა იქნება. Formo-მ ცოტა ხნის წინათ რეპრეზენტატული კვლევაც ჩაატარა. 5 000 გამოკითხული ევროპელიდან, რესპონდენტების 70% მზად არის, ფერმენტირებული ხელოვნური ყველი არამარტო გასინჯოს, არამედ შეიძინოს კიდეც.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ