ევროკავშირი ახალ ტექნოლოგიებზე 177 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს

ევროკავშირი რეგიონში ტექნოლოგიური სექტორის განვითარების მხარდაჭერას გააგრძელებს, რისთვისაც ჯამში 177 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. ბლუმბერგის ინფორმაციით, ინვესტიციები იგეგმება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბლოკჩეინ ტექნოლოგია, მონაცემთა ბაზის ინფრასტრუქტურა, 5G ქსელი, კვანტური ტექნოლოგია და სხვა.

ამ მიზნით გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 20 პროცენტია სტიმულირების იმ პროგრამის მოცულობისა (750 მილიარდი ევრო), რომელიც ევროკავშირმა შარშან, ახალი კორონავირუსის პანდემიით დასუსტებული ეკონომიკის მხარდაჭერისთვის გამოყო.

ინვესტიციების ნაწილი დაიხარჯება ისეთი პროცესორების შემუშავება-წარმოებაზე, რომლებიც მცირე ენერგომოხმარებით გამოირჩევა. გარდა ამისა, იგეგმება ნახევარგამტარების და მათ ბაზაზე დამზადებული ჩიპების წარმოების გაფართოება, რათა ჩიპების ამჟამინდელი კრიზისის გამეორება თავიდან იქნას აცილებული.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, 177 მილიარდი ევრო სექტორებს შორის რა პროპორციით გადანაწილდება. ევროკავშირს ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარებაზე ზრუნვა უკვე დაწყებული აქვს. თუმცა ეს პროცესი საწყის ეტაპზეა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ტექნოლოგიად არის მიჩნეული, რომელსაც ევროპის და მთლიანად მსოფლიოს მომავლის განსაზღვრა შეუძლია. ამის გამო, ევროკავშირის ოფიციალური პირები, საერთო რეგიონული სამართლებრივი სტანდარტების შემუშავებას გეგმავენ, რათა შემდგომში სამართლებრივი ბაზის ფრაგმენტაცია არ მოხდეს.

თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელთა უმეტესობა, ბლოკჩეინის და ახალი ტექნოლოგიებისთვის, ეროვნული წესების დამკვიდრებას ემხრობა. აქვე, ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ბლოკჩეინის და კრიპტო ტექნოლოგიების რეგულირების საერთო სტანდარტების შემუშავებას გეგმავენ.