საფრანგეთის მთავრობა მილიონობით ოჯახს ენერგო გადასახადებისთვის 100 ევროს გამოუყოფს

საფრანგეთის მთავრობა დეკემბერში 5.8 მილიონ ოჯახს 100 ევროს გამოუყოფს, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო, მათ ტარიფის გადახდაში დაეხმაროს. ინფორმაციას The Local ავრცელებს. ელოდებიან, რომ პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი ამ ინიციატივას მომავალ კვირას გააჟღერებს.

100 ევრო გადაეცემა ოჯახებს, რომლებსაც უკვე აქვთ უფლება, chéques énergie-ის (ენერგიის ჩეკების) სქემაში მიიღონ მონაწილეობა. Chéques énergie 48-დან 277 ევრომდე ყოველწლიური სამთავრობო სუბსიდირების სქემაა, რომელიც ოჯახებს გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადების გადახდაში ეხმარება.

Chèque énergie-ის სქემა დაბალშემოსავლიანი ოჯახების გარდა, საფრანგეთის ყველა მოქალაქისთვის ღიაა. მთავრობა ამ ნაბიჯს იმიტომ დგამს, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა საფრანგეთში მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე აისახება. 1-ლი სექტემბრიდან საფრანგეთში გაზის ტარიფი 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო აგვისტოში ენერგომატარებლებზე საერთო ფასები, წინა წელთან შედარებით, 12.7%-ით მეტი იყო. ფასების მატებას, გლობალური ეკონომიკის აღდგენის გამო, ენერგომატარებლებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ.

საცხოვრებელი ფონდი, Fondation Abbé-Pierre ამ ინიციატივას მიესალმა, მაგრამ „ლეიკოპლასტირის“ დაკვრის მსგავს, დროებით „მკურნალობად“ შეაფასა, რაც პრობლემას გრძელვადიანად არ აგვარებს. ფონდის მონაცემებით, მოსახლეობა გათბობაზე წელიწადში, საშუალოდ, 1600-1800 ევროს ხარჯავს.

დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის საკვანძო კაბელის გაუმართაობის გამო, ელექტროენერგიის ფასებმა გაერთიანებულ სამეფოშიც მკვეთრად მოიმატა. ესპანეთმა ელექტროენერგიის რეკორდულად მაღალი ფასების შესამცირებლად გადაუდებელი ზომები დააანონსა, ხოლო იტალიაში ელოდებიან, რომ ოქტომბრიდან დენის ღირებულება 40%-ით გაიზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ